Print

2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომი, როგორც რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკის ნაწილი

ავტორი: შოთა გელოვანი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

უკვე 4 წელი გავიდა, რაც სამაჩაბლოში (დღევანდელი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე მეორე ტრაგედია დატრიალდა – ტრაგედია, სახელად ომი. პირველ ომს, რომელიც 1992–93 წლებში მიმდინარეობდა, შეეწირა 4000 ქართველის სიცოცხლე და ჩვენი ერთ–ერთი ულამაზესი მხარე – აფხაზეთი. 2008 წელს კი, შედარებით განსხვავებული სცენარით, მაგრამ მსგავსი შედეგით, წარიმართა რუსეთ–საქართველოს ომი სამაჩაბლოში. ვფიქრობ, არასდროს არაა ზედმეტი წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა და ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენების შესაბამის ჩარჩოში მოქცევა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გავაანალიზო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი და დავამტკიცო, რომ ეს კონკრეტული ომი არის რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკის ერთ–ერთი ნაწილი. ჩემი მთავარი ჰიპოთეზაც სწორედ ეს დებულებაა.

 

შესავალი

მაინც რატომ გადავწყვიტე ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მტკივნეულ თემასთან შეხება? უკვე 20 წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია. ამ ხნის მანძილზე მას უკვე ორი მსხვილმასშტაბიანი ომის გადატანა მოუხდა და ეს ასეთი „ახალგაზრდა“ სახელმწიფოსთვის ნამდვილად არა არის ადვილი. დღემდე, უკვე საკმაოდ ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ ვის სინდისზეა საქართველოს ასეთი სამწუხარო გამოცდილება და საკმაოდ ბევრი მიმართულებითაც წარიმართა ქართული საზოგადოების აგრესია. ჩემ მიერ მოსმენილი მოსაზრებებიდან გამოვიტანე ასეთი დასკვნა: ვფიქრობ, არ ღირს ჩვენი შეცდომების სხვაზე გადაბრალება. არასდროს, არც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს საზოგადოების ნების წინააღმდეგ წასვლას, თუ მასში საკმარისი საპროტესტო მუხტი დაინახა. მაგრამ ქართველებს პროტესტი მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების დროს უჩნდებათ, მაშინ, როდესაც უკვე ძალიან ბევრი შანსია ხელიდან გაშვებული, პროცესებს კი შეუქცევადი ხასიათი აქვს მიღებული. ხოლო, თუ არსებობს რამე გარეშე ფაქტორი, რასაც შეიძლება ერის გაჭირვება გადაბრალდეს, ყოველთვის ხდება მასზე აპელირება. რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება ამისი კლასიკური მაგალითია. ფაქტი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანას ურთულესი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს – ის უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ანუ სახელმწიფოს, რომელიც თითქმის, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ექსპანსიაზეა ორიენტირებული და მკვეთრად გამოხატული იმპერიალისტური ამბიციები აქვს. ეს იმდენად ნათელია, რომ უკვე აღარავინ, მათ შორის ბევრი რუსიც კი, აღარ დავობს. ეს ის ფაქტია, რომელსაც უნდა შევეგუოთ და ნებისმიერი ნაბიჯი საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ არენაზე სწორედ მისი გათვალისწინებით უნდა გადავდგათ. საკმარისია ყურადღების მოდუნება ან ამ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ქვეყანა უდიდეს განსაცდელში ვარდება და ეს უკვე დამტკიცდა 1992 და 2008 წლებში. გამოდის, რომ ჩვენ უკვე ორჯერ დავუშვით დიდი შეცდომა, როდესაც უგულებელვყავით რუსეთის ფაქტორი ჩვენთან მიმართებაში. ყველაფერი გასაგები იქნებოდა, საქართველოს რომ ამ ორი ომის შედეგად დაკარგული სხვა ფორმით ანაზღაურებოდა, მაგრამ ვერც ამის დადასტურებას ვპოულობ ვერსად. ერთი სიტყვით, ჩვენი პრობლემები ჩვენსავე თავს უნდა დავაბრალოთ, რამდენადაც სწორედ ჩვენივე გამოსწორების გზით შეიძება რაიმე ცვლილების მოხდენა ქართულ რეალობაში, თორემ იმ ფაქტს, რომ რუსეთი იმპერიალისტური სახელმწიფოა და ასეთად დარჩება, ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს, ქართველები.

წინა აბზაცში პრობლემა განვიხილე საქართველოს პოზიციიდან, ახლა კი, მოდით, რუსეთის პოზიციიდან შევხედოთ მოცემულ საკითხს. რუსეთს საუკუნეების მანძილზე ვრცელი და რესურსებით მდიდარი ტერიტორია ჰქონდა. ერთადერთი, რაც მას აწუხებდა და აწუხებს კიდეც, ეს არის თბილ ზღვებზე ძალიან ვიწრო გასასვლელი. ისეთი იმპერიალისტური ამბიციების მქონე სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია, ეს ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მართალია, თავისი ისტორიის მანძილზე ეს ქვეყანა თელულოკრატიული იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ექსპანსიას ის ძირითადად ხმელეთზე აწარმოებდა, მაგრამ შეუძლებელია ძლიერი, და მით უმეტეს, იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოს სიმტკიცის შენარჩუნება, თუ მას არ აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან კონტაქტის ადვილად დამყარების  საშუალება. ამდენად, რუსეთისთვის აუცილებელია თბილ ზღვებზე ჰქონდეს უფრო ფართო გასასვლელი, რათა მოახდინოს საკუთარი პოლიტიკის გლობალიზაცია და გავლენის გაზრდა მთელს მსოფლიოზე. ერთადერთი თბილი ზღვა კი, რომლის სანაპიროს ნაწილიც რუსეთს ეკუთვნის, არის შავი ზღვა. გარდა საკუთარი 400 კმ–იანი სანაპირო ზოლისა შავ ზღვაზე, რუსეთის „პროტექტორატის ქვეშაა“ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკაც, სადაც მან უკვე მოასწრო სამხედრო ბაზის განთავსება აფხაზეთის ომის შემდეგ.

შავი ზღვის საკუთარი სანაპიროს გაზრდისა და სამხრეთით თავისი გავლენის გაფართოების შემდეგ, რუსეთს მომდევნო ნაბიჯის გადადგმის საშუალება 2008 წელს მიეცა და წარმატებითაც გამოიყენა შესაძლებლობა. დღეისთვის ცხინვალის კონფლიქტურ რეგიონს, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას რუსეთი უწევს კონტროლს. გამოდის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უკვე 12 560 კმ2–ით გაიფართოვა გავლენის სფერო კავკასიაში, რაც მისი ევრაზიანისტული ექსპანსიური პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელებაა.

თუ მოცემულ ქეისს (შემთხვევას) რეალისტურად შევხედავთ, გასაოცარი ნამდვილად არაფერი მომხდარა – ისტორიის მანძილზე, ძლიერი ქვეყნები ყოველთვის ჩაგრავდნენ სუსტებს. რუსეთს შესწევდა ძალა, მოეხდინა საქართველოს სრული ოკუპაცია, გამომდინარე ძალთა უზომოდ დიდი დისბალანსიდან (რუსეთის სახმელეთო ჯარის კონტინგენტი – 1 027 000, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი – 21 15; ამას დამატებული რუსების მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი საჰაერო ძალები 183 000–იანი კონტინგენტით). თუმცაღა, დღევანდელი საერთაშორისო სამართალის გავლენის შედარებით გაზრდითა და საერთაშორისო ზეწოლის წყალობით, საგრძნობლად გართულებულია სუვერენული ქვეყნის სრული ტერიტორიის ოკუპაცია, რაც წარსულში ძლიერი სახელმწიფოებისთვის არათუ რამენაირ პრობლემას  წარმოადგენდა, არამედ წესადაც იყო ქცეული. დღევანდელი საერთაშორისო სისტემის ფარგლებში უფრო „უსაფრთხო“ და სანდო მაინც სეპარატიზმის მხარდაჭერის მეთოდია. რუსეთმაც სწორედ რომ ამ ხერხს მიმართა საქართველოსთან მიმართებაში და სასურველი შედეგიც მიიღო.

 

ძირითადი ცნებები და განმარტებები

ექსპანსია – (ლათ. Expansio - გაფართოვება) – ბატონობისა თუ გავლენის სფეროს გაფართოვება პირვანდელ საზღვრებს მიღმა (მაგ.: ტერიტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური ექსპანსია).

იმპერიალიზმი – (ფრანგ. Imperialisme) – ფართო გაგებით, სახელმწიფო პოლიტიკა, მიმართული ტერიტორიების, კოლონიების დაპყრობაზე, სხვა სახელმწიფოებზე პოლიტიკური ან ეკონომიკური კონტროლის დაწესება.

ისთებლიშმენტი (ინგ. Establishment) – ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებასა თუ ხელისუფლებაში ყველაზე დიდ ძალაუფლებასა თუ გავლენას ფლობს.

 

ლიტერატურის მიმოხილვა

ევრაზიანიზმი სათავეს საბჭოთა რევოლუციის წლების შემდგომი პერიოდიდან იღებს, უფრო კონკრეტულად კი XX საუკუნის 20–30-იანი წლებიდან. მოცემული პოლიტიკური მოძრაობა დღევანდელ რეალობაში, ფაქტობრივად, „ხელმეორედ იბადება“. ევრაზიანიზმის იდეები გარკვეულწილად შეთვისებული აქვს რუსული ისთებლიშმენტის ელიტას და არა მარტო. აღსანიშნავია 1994 წელს, ყაზახეთის პრეზიდენტის – ნურსულთან ნაზარბაევის მიერ წამოყენებული პროექტი ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „ევრაზიული კავშირი“, ნაზარბაევის პროექტის მიხედვით, შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობით, რუსეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის გასცდება ეკონომიკის სფეროს და მიიღებს მკვეთრად პოლიტიკურ ხასიათს. ევრაზიანიზმის იდეებთან აიგივებენ საკუთარ თავს ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან 1993 წლამდე რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი – ს.სტანკევიჩი და რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი – გ.ზიუგანოვი. ევრაზიული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწევა რუსოცენტრული მხატვრულ–ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი თანამედროვე“ («Наш современник») და მეცნიერების რუსული აკადემიის ორგანო „საზოგადოებრივი მეცნიერებები და თანამედროვეობა“. ევრაზიანიზმთან მიდის, სულ მცირე გამონაკლისის გარდა, პოპულარული გეოგრაფის – ლევ გუმილიოვის (1912-1992) ნააზრევები, რომლის ნაწერებიც პომპეზურად გამოიცა ბიბლიოთეკური გაერთიანების – „ტანაისის“ მიერ. ყოველივე ეს აუცილებელს ხდის ევრაზიული სწავლების საწყისებთან მიბრუნებას, მისი ძირითადი პოსტულატების გაანალიზებასა და იმის გახსენებას, თუ რა იყო ევრაზიული მოძრაობის მიზანი, რისთვის შეიქმნა ის თავის დროზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ევრაზიული იდეოლოგია გახდა რუსი მეცნიერების განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტი, მისი მრავალი ასპექტი ჯერ კიდევ ჩრდილში რჩება და ითხოვს სპეციალურ შესწავლას. ეს, უპირველეს ყოვლისა, შეეხება ეროვნულ პრობლემებს, რაც, თავის დროზე, ევრაზიელების სერიოზული განსჯის საგანს წარმოადგენდა. ევრაზიელების მთავარი მოთხოვნა მდგომარეობდა რუსეთის სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებაში ყველანაირ ფასად – არ ჰქონდა მნიშვნელობა, მას რუსეთის იმპერია ერქმეოდა, სსრკ თუ ევრაზია.  თუმცაღა, ბოლო დასახელება, რომელიც პ.სავიცკის მიერაა შემოთავაზებული, მათთვის ყველაზე მისაღები იყო.

ადრეული XX საუკუნის ევრაზიელებს ესმოდათ, რომ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ეროვნული მოძრაობების ზრდა და მისგან გამომდინარე ფართო პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მასში შემავალმა ცალკეულმა ერებმა მიიღეს, შეუძლებელს ხდის რუსების მიერ უწინდელ ბატონობას ამ ტერიტორიაზე, რამდენადაც უთანაბრდება ამ უკანასკნელებს პოლიტიკური სტატუსით. ეროვნულ–პოლიტიკურ სიტუაციაში მიმდინარე ცვლილებების ჯანსაღად შეფასებისას, ევრაზიელები რუსული სახელმწიფოს მომავალს ხედავდნენ მხოლოდ თანასწორი სახელმწიფოების კავშირში (ფედერაციაში). ამავდროულად, მათ ეშინოდათ ცალკეული ერების პოლიტიკური და კულტურული უფლებების გაფართოების, რაც გარკვეული გარემოებების შემთხვევაში გადაიზრდებოდა სეპარატისტულ მისწრაფებებში და, საბოლოოდ, დაანგრევდა ქვეყანას. ამის აღსაკვეთად, ევრაზიელები გვთავაზობენ მიზანსწრაფულად შეიქმნას საერთოევრაზიული კულტურა და მოხდეს საერთოევრაზიული ცნობიერების კულტივირება, რაც ცალკეული ეთნიკური კულტურების განვითარებას ჰარმონიულად შეეწყობოდა და არ შეეწინააღმდეგებოდა ლოკალურ იდენტობებს. ამასთან ერთად, ევრაზიული კონცეფციით, ერთა ასეთი ერთობის ხერხემალი უნდა იყოს რუსი ერი, ისევე, როგორც საერთოევრაზიული კულტურა უნდა ემყარებოდეს რუსულ კულტურას. ეს იდეები მეტ–ნაკლებად კონცენტრირებული სახით გადმოცემულია 1927 წელს ნ.ტრუბეცკოის მიერ.

 

ისტორიული მიმოხილვა

ვფიქრობ, არ არის რთული მისახვედრი, თუ რომელი ისტორიული მოვლენები მოხვდება რუსეთის ევრაზიანისტული მისწრაფებების დამადასტურებელ ისტორიულ მიმოხილვაში. 

კონსტანტინეპოლის დაცემის (1453) შემდეგ მოსკოვმა თავი „მესამე რომად“ გამოაცხადა და თავი ევრაზიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების დამცველად გამოაცხადა. მოსკოვის მთავრის – ივანე III- ს ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის მემკვიდრე – სოფია პალეოლოგოსზე ქორწინებამ ამ წოდებას საფუძველი კიდევ უფრო გაუმყარა. რუსებმა ბიზანტიელებისგან გადმოიღეს ტრადიციები, რიტუალები, ტიტულები და სიმბოლოები (მაგალითად, ორთავიანი არწივი, რომელიც რუსეთის გერბზე დღემდეა გამოსახული). 

მას მერე, ჯერ მოსკოვის სამთავროს, შემდეგ რუსეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის, ბოლოს კი – საბჭოთა კავშირის სახელით რუსეთი მუდმივ ექსპანსიას ეწეოდა ევრაზიის კონტინენტზე. 

XVII საუკუნის ბოლოს რუსეთის სამეფო გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან ბერინგის სრუტემდე. XVIII საუკუნიდან კი იწყება ექსპანსია დასავლეთით და სამხრეთით. განსაკუთრებულ წარმატებას ამ მხრივ რუსეთმა მიაღწია უკვე იმპერიის სტატუსით. სწორედ ამ დროს მოხდა ქართლ–კახეთის სამეფოს შეერთება რუსეთის იმპერიასთან. მაშინ იწვნია პირველად ჩვენმა ქვეყანამ, თუ რას ნიშნავს იმპერიული სახელმწიფოს მეზობლობა. არადა ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო „შეფუთული“ – რუსეთი, გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, პირობას იძლეოდა, რომ დაიცავდა ქართლ–კახეთის სამეფოს გარეშე მტრისგან. ერთადერთი, რაც ქართველებს ევალებოდათ, იყო რუსეთის მხარეზე ბრძოლა და ჯარის გამოყვანა საჭიროების შემთხვევაში. საბოლოოდ, ქართლ–კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ერთ–ერთი გუბერნია გახდა.

ერთი სიტყვით, გეორგიევსკის ტრაქტატმა პირად მაგალითზე დაგვანახა რუსეთის ევრაზიანისტული მისწრაფებები და ის, თუ რამდენადაა ჩვენი ყოველდღიურობა დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკაზე.

 

დღევანდელობა

მართალია, დღევანდელ რეალობაში საქართველო აღარ დგას ისეთი რთული პრობლემის წინაშე, როგორც XVIII საუკუნეში – სპარსეთის დინასტიური სამეფო და ოსმალეთი, როგორც საქართველოს პოტენციური მტრები, აღარ არსებობენ. პირიქით, ერთი მათგანი, კერძოდ – თურქეთი (ოსმალეთის მემკვიდრე), საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობაშია ჩვენს ქვეყანასთან, ირანს კი საქართველოსთან საერთო საზღვარი აღარ აქვს. ეს სიტუაცია გამორიცხავს რუსეთთან „მიტმასნების პოლიტიკის“ აუცილებლობას და, ჩემი აზრით, ეს უკვე ძალიან დიდი შეღავათია ქართველებისთვის. თუმცაღა, რუსეთი კვლავაც ჩვენი მეზობელია და ნებისმიერ მომენტში მზადაა საქართველოს ოკუპირებისთვის, თუკი მას ამის მცირეოდენი სამართლებრივი საშუალება მაინც მიეცემა.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი რუსეთისთვის საკმაოდ „ცხელ წერტილს“ წარმოადგენს და დიდია საფრთხე იქ სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურებისა, რამაც შეიძლება ქვეყანა კატასტროფამდე – ჩრდილოეთ კავკასიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მიიყვანოს. ამიტომაც, რუსეთისთვის აუცილებელია ამ რეგიონის კიდევ უფრო მეტი ინტეგრირება. იდეალური ვარიანტია, თუ რუსეთს შეუერთდება საქართველო და, შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასია დაკარგავს რუსეთის სასაზღვრო რეგიონის სტატუსს, რაც გაართულებს იქ სეპარატიზმის პოპულარიზაციას.

 

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი

სწორედ რომ ზემოხსენებული გეგმის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ სამაჩაბლოს, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია 2008 წელს. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ოკუპაცია კლასიკური გაგებით – რუსეთს არ სურდა საერთაშორისო დონეზე ოკუპანტის სახელი დარჩენოდა და მან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ჩაატარა სამაჩაბლოს კონფლიქტურ რეგიონში. შეტაკებები დაიწყო არა უშუალოდ რუსეთსა და საქართველოს, არამედ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დანაყოფებს შორის. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვისი ინიციატივით თუ გეგმით დაიწყო საომარი მოქმედებები სამაჩაბლოში – ფაქტი ისაა, რომ რუსეთი მზად დახვდა მოვლენათა ასეთ განვითარებას და შეძლო თავისი „ოსი თანამოძმეების“ დროულად დახმარება. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ დღეს მივიღეთ ის, რომ სამაჩაბლოს რეგიონს, სადაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, ვეღარ ვაკონტროლებთ, იქ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები დგას. მართალია, რუსეთს არ შეუერთებია სამაჩაბლო, მან უბრალოდ აღიარა ამ ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენულობა, მაგრამ იმ მიზანს, რომ თავისი საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადაეწია, მან, ფაქტობრივად, მიაღწი., რამაც მას, გარდა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უპირატესობისა, მისცა საშუალება, რომ სამაჩაბლოში განეთავსებინა სამხედრო ბაზები. ეს კი უკვე სრულ სამხედრო დომინაციას ნიშნავს საქართველოზე, რამდენადაც ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილ რეგიონში სამხედრო ბაზის ქონა შესაძლებელს ხდის სადაზვერვო და სხვა ხასიათის სამხედრო ოპერაციების ჩატარებას. უბრალოდ სასაცილოა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების ფაქტი, რამდენადაც მის მოქალაქეებს აქვთ რუსეთის პასპორტი (არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტიც, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური სახე აქვს, რამდენადაც რუსეთის გარდა სხვა ქვეყანაში მისი გამოყენება შეუძლებელია),  მე – 4 სამხედრო ბაზაზე კი, რომელიც ცხინვალშია განთავსებული, რუსი სამხედროები იმყოფებიან და, მათ შორის, ახალწვეულებიც, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან. 

 

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მიზეზები და შედეგი

ვთვლი, რომ არ არის საჭირო ზედმეტი საუბარი იმის თაობაზე, რომ სამაჩაბლოს ომის უმთავრესი მასტიმულირებელი ფაქტორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც იმ დროისთვის მკვეთრად პროდასავლური იყო და დღემდე ასეა. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. სწორედ ნატოს სამიტი ტარდებოდა ომამდე 4 თვით ადრე ქალაქ ბუქარესტში, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, ე.წ. MAP-ის (Membership Action Plan) დასახვა. ბუქარესტის სამიტმა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინიც იყო მიწვეული, საქართველოსთვის შედეგი არ გამოიღო და ეს სწორედ რომ რუსეთის ფაქტორით იყო გამოწვეული. ზემოთქმული დასტურდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერის სამიტის შემდგომ განცხადებაშიც: „ნატო – ს არ გააჩნია მიზეზი საიმისოდ, რომ, ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგობისდა მიუხედავად, უკრაინისა და საქართველოს ორგანიზაციაში მოწვევით მოახდინოს რუსეთის პროვოცირება.“ გერმანულ პოზიციას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ ნატო–რუსეთის ურთიერთობები ისედაც საკმარისად გაფუჭდა ბუქარესტის სამიტამდე ნატოს 19 სახელმწიფოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რის გამოც რუსეთის მოკავშირემ ბალკანეთში – სერბეთმა, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა.

რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი უახლოესი მეზობლების – უკრაინისა და საქართველოს მოქიშპე ბანაკში (ნატო) გადასვლა კატასტროფად უნდა შეფასებულიყო. სწორედ ამიტომ არ დაუშვა პუტინმა ბუქარესტის სამიტზე ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. რუსეთმა ისედაც სერიოზული დანაკარგი მიიღო აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ნაწილის ნატოში გაწევრიანების გამო (9 პოსტ – სოციალისტური ქვეყანა და, ასევე, ყოფილი იუგოსლავიიდან – სლოვენია, ხორვატია და ალბანეთი). მიიღო რა იმის გარანტია, რომ საქართველო არ გახდებოდა უახლოეს მომავალში ნატო–ს წევრი, რუსეთს მიეცა ფართო მოქმედების საშუალება სამაჩაბლოს კონფლიქტურ რეგიონში, დარწმუნებული იყო რა იმაში, რომ ა.შ.შ. საქართველოს დახმარების მოტივით რუსეთთან მსოფლიო მასშტაბის ომს არ დაიწყებდა. შესაბამისად, მოეწყო პროვოკაცია სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რაც ომში გადაიზა, ომი რაღა თქმა უნდა, რუსების გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის სამაჩაბლოს ომით რუსეთმა „ერთი გასროლით ორი კურდღელი დაეჭირა“: ერთი მხრივ, მან გაიფართოვა თავისი გავლენის სფერო სამაჩაბლოს ტერიტორიის ხარჯზე, რაც მისი ევრაზიანისტული პოლიტიკის ფარგლებში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება; მეორე მხრივ კი, შეუმცირა საქართველოს ნატოში შესვლის სამომავლო შანსები, რამდენადაც არც ნატო – ს სურს გარისკვა და რუსეთთან კონფლიქტში მყოფი სახელმწიფოს თავის რიგებში მიღება და არც საქართველოა მაინცდამაინც მოწადინებული ორი ისტორიული რეგიონის გარეშე გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. 

საქართველოში მომხდარი კონფლიქტის ფაქტების მომძიებელი დამოუკიდებელი მისიის ანგარიშის მიხედვით (ე.წ. ტალიავინის კომისია) შეიარაღებული თავდასხმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის წინააღმდეგ საქართველომ დაიწყო ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 35 წუთზე გაცემული ბრძანების მიხედვით. თუმცაღა, ანგარიშში ნახსენებია, რომ „7 აგვისტომდე ადგილი ჰქონდა სპონტანურ მოქმედებებს, რომელთა მიმდინარეობის დროსაც უცნობი იყო, თუ ვინ ვის უკეთებდა პროვოცირებას. იმის გამო, რომ მისიას არ შეუძლია განსაზღვროს, თუ რა ზომამდე ჰქონდა რუსეთს სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლი, რუსეთს ვერ მიეწერება სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა.

ტალიავინის კომისიის ანგარიშის გამომზეურების შემდეგ, 2011 წელს, ევროკავშირმა, კერძოდ კი ევროპარლამენტმა, გამოსცა მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებს. მოცემულ რეზოლუციაში ღიადაა დაფიქსირებული ევროკავშირის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები არის ოკუპირებული. ვფიქრობ, ამ პოზიციის გაჟღერების შემდეგ, დღის წესრიგიდან იხსნება ის საკითხი, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი და ვისი მოწყობილი იყო ომამდელი პროვოკაციები, რამდენადაც რუსეთი მოხსენიებულია ოკუპანტად, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ის უკანონოდ იმყოფება ამ ორ რეგიონში, არღვევს რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის პოზიცია ძალიან ბევრის მთქმელია ამ შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკების სუვერენიტეტს შესაბამისად მხოლოდ ექვსი (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, ვანუატუ, ტუვალუ) და 5 (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ) სახელმწიფო აღიარებს.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს თავისი ექსპანსიური ისტორიის მანძილზე ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა საერთაშორისო საზოგადოებისგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. თუმცაღა, ვეჭვობ, რომ რუსეთის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ნანობდეს 2008 წლის ომში მონაწილეობის მიღებას, რადგანაც ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რათა საქართველო არ დაახლოებოდა ნატო – ს და, უარეს შემთხვევაში, არ მომხდარიყო მისი გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში. ეს გაანულებდა რუსეთის კავკასიური ექსპანსიის შანსებს და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა მის პოზიციებს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ეს კი მისი ევრაზიანისტული პოლიტიკისთვის მიუღებელია. ანუ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის ომით რუსეთმა მიაღწია იმას, რასაც სურდა.

 

დასკვნა

უკვე საკმარისად გამოვხატე ჩემი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ ტრაგიკული მოვლენის მიმართ, რასაც 2008 წლის სამაჩაბლოს კონფლიქტი ეწოდება. რა თქმა უნდა, ისტორიის თვალთახედვიდან, ეს იყო ერთი რიგითი კონფლიქტი, რომელმაც სულ რაღაც 3900 კმ2 – ისა და ათასობით ადამიანის ბედი შეცვალა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს სწორი კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ მოვლენებს სპონტანური ხასიათი არ ჰქონია, მოხდა უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკის ფარგლებში ახალი ნაბიჯის გადადგმა. თუ სწორ პარალელებს გავავლებთ წარსულთან, სავარაუდოდ, შევძლებთ მომავლის შედარებით ზუსტ პროგნოზირებასაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საკმაოდ არაპროგნოზირებადია. ერთი სიტყვით, ეს იყო „კიდევ ერთი საფეხური რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკის კიბისა“. საინტერესოა, საით მიდის კიბე, ზევით თუ ქვევით?

 

შოთა გელოვანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები