Print

უნივერსიტეტი დაარსებიდან დღემდე

ავტორი: მეგი საჯაია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

„არცერთ ერს არ შეუძლია ილაპარაკოს თავის სრულასაკოვნებაზე, თუ მას არ გააჩნია უმაღლესი სასწავლებელი”

საქართველო განათლების სფეროში უძველესი დროიდან საყოველთაოდ იყო ცნობილი ამის დასტურია ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში, გელათისა და იყალთოს აკადემიები, სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსები პალესტინაში, ბეულგარეთში, სირიაში. დროთა მანძილზე მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად,  რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ არსებობდა  ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.a

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებაა, რომელსაც  საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა universitas, რაც კორპორაციას ნიშნავს (ვინაიდან თავდაპირველად შუა საუკუნეებში უნივერსიტეტები მხოლოდ მეცნიერ-მასწავლებელთა გაერთიანება იყო).

 

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა XIX საუკუნის დასაწყისში, გაჩნდა. დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე თვლიდა , რომ აუცილებელი იყო ერის სულიერი, კულტურული აღორძინება. „თერგდალეულთა“ თაობა მუხლჩაუხრელად იბრძოდა საზოგადოებაში ეროვნული ინტერესების „გასაღვიძებლად“. XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ინიციატივას სათავეში ჩაუდგა პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. ის აქტიურად ემზადებოდა უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის. 

თავდაპირველად დაარსდა მხოლოდ ერთი  –  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. პრესაში ძალიან ბევრი რამ იწერებოდა ამ ფაქტთთან დაკავშირებით. დეკემბრის ბოლოს  გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.   სიხარული და პასუხისმგებლობა, სიახლის წყურვილი, აუცილებლობა და ამ სიახლესთან შეგუების უნარი. ბევრი რამ უნდა გამოეჩინა საზოგადოებას

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს  (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს,  ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში.ეს იყო  პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის სწავლებას. უნივერსიტეტი აკურთხა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა კირიონ მეორემ.

დავით აღამაშენებლის სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში  1995 წლიდან  შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

საბჭოთა კავშირის    დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.

უნივერსიტეტის პირველი  რექტორი პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით.პეტრე მელიქიშვილი გახდა.

2005 წლიდან უნივერსიტეტში დაიწყო ძირეული რეფორმები და რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 6 ფაკულტეტი.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტრადიციულად, საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო – კვლევითი დაწესებულებაა.ის  ინარჩუნებს ტრადიციულ, ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. აქ ინტენსიურად გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, ელექტრონული სწავლებაც. 

წარმატებით გრძელდება უცხოურ საგანმანათლებლო–სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის ტრადიციაც. თსუ 1998 წლიდან ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია. ამჟამად საზღვარგარეთის 18 უნივერსიტეტთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები.

რას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს? -  სტუდენტთა სწავლისა და პროფესიული განვითარების საქმეს ემსახურება საქართველოში ყველაზე მდიდარი და მრავალრიცხოვანი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ოთხი რესურსცენტრი, გამომცემლობა, კულტურისა და სპორტის ცენტრი, მუზეუმი, გაზეთი. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, თვითმმართველობისა თუ სამეცნიერო საზოგადოებების მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღონ  საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა სფეროში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესაც სამართლიანად ინარჩუნებს საქართველოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების სახელს.

მე უნივერსიტეტის ნაწილი 2010 წლიდან გავხდი. მას შემდეგ აქტიურად ვადევნებ თვალს თოთოეულ წინ გადაგმულ ნაბიჯს და შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობ მათში. ისევე, როგორც ყველა ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით. სისხლით ხორცამდე გათავისებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, პატივი და ღირსეულობა, რასაც პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტობა ჰქვია. უნივერსიტეტი გასწავლის ფიქრს, ჯანსაღ აზროვნებას, ცხოვრების სწორად წარმართვას. აქ იძენ მეგობრებს, აქ ყალიბდები ადამიანად, რომელსაც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა. თსუ ეს ჩემთვის მარტო აბრევიატურა არ არის. ეს არის ტაძარი, რომელშიც მოწიწებით, სიამაყით შევდივარ ყოველ დღე. ეს არის გარემო სადაც სუნთქვა მიხშირდება და პულსი მატულობს, გარემო რომელიც მთელ  ცხოვრებას დადებითობისკენ ცვლის. 

კონსტანტინე გამსახურდიას თქმისა არ იყოს  წლებმა წალეკეს ირგვლივ ყველაფერი, სვეტიცხოველივით „დროსთნ მებრძოლი“ უნივერსიტეტი კი დღემდე ამაყად დგას  სამშობლოს სამსახურში. თავის წიაღში ინტელექტუალურ თაობებს ზრდის . მოაზროვნეთა ლაშქარს ქმნის, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულთ. ადამიანებს, რომლებსაც ნებისმიერ გამოწვევაზე პასუხის გაცემა ძალუძთ. 

ისევე როგორც ყველგან, ჩვენს უნივერსიტეტშიც ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს მოგვარებადია. ერთად დგომით, თითოეული პრობლემის, დაბრკოლების გაანალიზებით ისინი ადვილად გადასალახი გახდება. თანაუნივერსიტეტელნო ჩვენი ვალია ვიყოთ ღირსეულნი, განსხვავებულნი და ბოლომდე დავიხარჯოთ იმ საქმისთვის  რასაც ვაკეთებთ .  ჩვენ უნდა  შევიტანოთ წვლილი უნივერსიტეტის ისტორიის შექმნაში. ვიპოვოთ წინაპრების ნაკვალევი,  გავისიგრძეგანოთ გზა უნივერსიტეტის დაარესბიდან დღემდე და ხელიხელ ჩაკიდებულნი მივიდეთ  „ცოდნის ტაძრამდე“.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

მეგი საჯაია