Print

ტერორიზმის გავლენა ვესტფალიურ საერთაშორისო წესრიგზე

ავტორი: ირაკლი სირბილაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ტერორიზმის ფენომენი მნიშვნელოვანი დებატების საგანია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარებისათვის. ტერორიზმი არ წარმოადგენს მხოლოდ 21–ე საუკუნის მოვლენას და ის ანტიკურ პერიოდშიც უქმნიდა  საფრთხეს სახელმწიფოს და მათ ლიდერებს.

საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მანძილზე ტერორიზმს არ შეუქმნია მნიშვნელოვან საფრთხესახელმწიფოთათვის.  ცივი ომის დასრულებამდე სახელმწიფოების წინაშე საფრთხე ძირითადად მომდინარეობდა მათივე მსგავსი ერთეულების (სახელმწიფოების) მხრიდან.ვესტფალიური საერთაშორისო წესრიგის ძირითადი მონაპოვარი სწორედ გახლდათ, ის რომ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად მოთამაშეებს სახელმწიფოები წარმოადგენდნენ, რომლებიც იყვნენ სუვერენულები, თანასწორუფლებიანი და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობა გახლდათ ძირითადი ამოსავალი პრინციპი სახელმწიფთაშორისი ურთიერთობების.

 

2001 წლის 9/11 ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელიც განხორციელდა სისტემაში ჰეგემონის სახელმწიფოს წინააღმდეგ არა – სახელმწიფო წარმონაქმნის მიერ, ნათლად გამოჩნდა თუ რა მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი. ცივი ომის პერიოდის შემდეგ შეიცვალა კონფლიქტის ბუნებაც და ნაცვლად სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა დღეს საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოთა შიგნით წარმოებული კონფლიქტების ჭარბობს. სახელმწიფოე ბი სამხედრო, პოლიტიკურ, და ეკონომიკურ საფრთხეებს დღეს ყველაზე მეტად სწორედ არა – სახელწმიფო წარმონაქმნის მხრიდან განიცდიან.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია ტერორიზმის ფენომენის , როგორც კონფლიქტის ახალი ტიპის ,  საერთაშორისო უსაფრთხოებაზე გავლენის ანალიზის შედეგად დაამტკიცოს მოსაზრება , რომ  ტერორიზმმა  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე დაფუძნებული  ვესტფალიური საერთაშორისო წესრიგის რელევანტურობა 21–ე საუკუნეში.

რა არის ტერორიზმი : ტერორიზმის დეფინიციის პრობლემები

პოლიტიკოსები, აკადემიკოსები, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები ტერორიზმის სხვადასხვაგვარ განსაზღვრებას იყენებენ. ტერორიზმის განსაზღვრებისას ყურადღება უნდა  გამახვილდეს,  ერთის მხრივ,  ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედების ხასიათზე, ხოლო მეორეს მხრივ, ტერორიზმის მოტივაციებზე და მახასიათებლებზე, ინდივიდუალური ტერორისტის ე.წ. „modus operandi–ზე”.

როგორც უკვე აღინიშნა,  დღესდღეობით არ არსებობს ერთი ყველასათვის მისაღები დეფინიცია ტერორიზმის ფენომენის, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორიზმის ეს არის სამოქალაქო პირების და სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ ძალის განზრახ გამოყენება ან ძალის გამოყენებით დამუქრება, რომლის ძირითადი ჩანაფიქრი პოლიტიკური მიზნების მიღებაა.

ტერორიზმის ყოვლისმომცველი განმარტება, რომელიც შედგება 16 ყველაზე საერთო ელემენტისაგან, მოგვცა ალექსანდრე შმიდტმა, რომლის თანახმადაც: 

“ტერორიზმი არის განგრძობადი ძალადობრივი ქმედებების შემაწუხებელ–შთამაგონებელი მეთოდი, რომელსაც ასრულებს  (ნახევრად) ფარული იდივიდი, ჯგუფი, ან სახელმწიფო აქტორები, იდიოსინკრაზიული, კრიმინალური ან პოლიტიკური მიზნებისათვის, და სადაც – განსხვავებით  მკვლელობისაგან–  ძაალადობის პირდაპირ სამიზნეები არ არიან მთავარი სამიზნეები.ძალადობის დაუყოვნებლივი ადამიანური მსხვერპლები  არიან  შერჩეულნი შემთხვევითად (შესაძლებლობის სამიზნე) ან შერჩევითად  (წარმოადგენელი ან სიმბოლური სამიზნე) სამიზნე მოსახლეობისაგან და წარმოადგენენ შეტყობინების მიმტანებს (მესიჯის გენერატორებს).ძალადობასა და მუქარაზე დაფუძნებული კომუნიკაციის პროცესი ტერორისტის (ორგანიზაციის)  მსხვერპლს  და მთავარ სამიზნეს შორის  არის გამოყენებული, რათა მოხდეს მთავარი სამიზნე აუდიენცი(ებ) ის მანიპულირება, რაც  მას გარდაქმნის შიშის სამიზნედ, მოთხოვნის სამიზნედ ან ყურადღების სამიზნედ, ეს კი დამოკიდებულია იმაზე თუ კი დაშინება, ძალადობა და პროპაგანდა არის თავიდანვე დათესილი”.

ლეონარდ ვეინბერგის, ემი პედაზურისა და ჰირშ ჰოეფლერის მიხედვით ტერორიზმი ეს არის :

“პოლიტიკურად მოტივირებული ტაქტიკა, რომელიც მოიცავს ძალის ან ძალადობის გამოყენებას ან მუქარას და სადაც საჯაროობა,  ყურადღების მიპყრობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს”.

რატომ არის ტერორიზმის დეფინიცია საჭირო?  განორის მიხედვით, საერთო გაგება იმისა თუ რა ფენომენს წარმოადგენს ტერორიზმი რამდენიმე ასპექტის გამო არის მნიშვნელოვანი: 1) ერთობლივი საერთაშორისო სტრატეგიების განსავითარებლად ; 2) ტერორიზმის წინააღმდეგ მობილიზაციის ეფექტური შედეგების მისაღწევად ; 3) ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმებების ასამოქმედებლად; 4) ეფექტური ექსტრადიციის მექანიზმებისათვის.

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში , რომელიც არ არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ცენტრული და სადაც არა – სახელმწიფო აქტორები, ტერორისტული ორგანიზაციები და სხვა ერთეულები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესების განვითარებაში, მნიშვნელოვანია შემუშავებული იქნას მკაფიო განსაზღვრება, რომელიც ინტეგრირებული იქნება საერთაშორისო შეთანხმებებში, რაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტურს  და კანონიერს გახდის.

სუვერენული სახელმწიფოების ვესტფალიური სისტემა 1648 წლის ვესტფალიის ზავის შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული სისტემის ძირითადი მონაპოვარი შემდეგია: 

• სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი;

• სახელმწიფოთა სამართლებრივი თანასწორობის პრინციპი;

• სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი.

ვესტფალიის წესრიგის შედეგად საერთაშორისო სამართალში ზემოთხსენებული პრინციპების კოდიფიცირება მოხდა და ვესტფალიის ხელშეკრულების შედეგად ტეროტორიული სახელმწიფოს პრინციპი გახდა თანამედროვე სახელმწიფოთა სისტემის ქვაკუთხედი.

ვესტფალიის წესრიგის ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების კარგად არის ასახული წინამდებარე ცხრილში :  

9111–ის ტერორისტული აქტი : საერთაშორისო წესრიგის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორი

ცივი დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად საერთაშორისო სისტემა ბიპოლარულიდან უნიპოლარულ სისტემად გადაიქცა , სადაც ამერიკის შეერთებული შტატები სისტემის ჰეგემონად მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ ბიპოლარულ საერთაშორისო სისტემაში ორ სუპერსახელმწიფოს შორის უშუალო სამხედრო კონფრონტაციას არ ჰქონია ადგილი .

2001 წლის ტერორისტული თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე საერთაშორისო სისტემაში ცვლილების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გახლდათ, რადგანაც ჰეგემონ სახელწმიფოზე, რომელიც დაცული იყო და დაცულია ნებისმიერი თავდასხმისაგან სახელმწიფო აქტორის მხრიდან, შეტევა განახორციელა არა –სახელმწიფოებრივმა წარმოანაქმნა, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომლისაგან მომავალი საფრთხის წინაშე ამერიკა დაუცველი გახდა.

ტერორიზმის მიერ საერთაშორისო პოლიტიკის და სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების  ბუნების ცვლილებას ნათლად ადასტურებს სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ: 

• საერთაშორისო სისტემის ჰეგემონამა სახელმწიფომ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – გამოაცხადა ომის ტერორიზმის წინააღმდეგ ;

• ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მე–5 მუხლი( ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს ალიანსის წევრ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმას) , რომელიც საბჭოთა კავშირისაგან მომავალი საფრთხის შესაჩერებლად იქნა ფორმულირებული, პირველად ამოქმედა არა – სახელწიფოებრივი აქტორის, ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ;

• ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით დაირღვა ვესტფალიური წესრიგის ძირითადი მონაპოვარი – სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და შიდა საქმებში ჩაურევლობის პრინციპი – როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებმა ტერორიზმთან ბრძოლის სახელით დაარღვია ავღანეთისა სუვერენიტეტი და მოახდინა მისი ოკუპაცია; 

• 21–ე საუკუნეში დიდ სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ტერორიზმისაგან მომავალი საფრთხე.თუ კი  2001 წლამდე სახელმწიფოთა ალიანსები სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ იყვნენ გაერთიანებული (პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომი) დღესდღეობით სახელმწიფოები არა–სახელმწიფო აქტორისაგან მომავალი საფრთხის წინაღმდეგ არიან გაერთიანებულნი ; 

• ტერორიზმის წინააღმდეგ დღესდღეობით 50 ერი–  სახელმწიფო გაერთიანებულია. საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერი ძალების ( ISAF) მისიაში მონაწილებას იღებს როგორც ნატო–ს წევრი, ასევე არა–წევრი სახელმწიფო.

საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის თეორიის თანახმად, ძალის გამოყენების ძირითადი ბერკეტები სახელმწიფოების ხელშია, რადგან სწორედ სახელმწიფოები არიან საერთაშორისო სისტემის ძირითადი აქტორები .განსხვავებით გაბატონებული რეალისტური ხედვისა, ჯოსეფ ნაი თვლის, რომ ტერორიზმმა და სხვა სახელმწიფო აქტორებმა გამოავლინეს სახელმწიფოსაგან ძალის ფრაგმენტირება არასახელმწიფო აქტორისადმი და 11–მა სექტემბერმა შექმნა ძალის ასიმეტრიული განაწილება, რამაც დაამხსვრია სახელმწიფოტა მონოპოლია ძალაზე და შეცვალა საერთაშორისო სისტემა.

საერთაშორისო პოლიტიკაზე  9/11 ტერაქტის გავლენა კარგად გამოიხატება იმ ქმედებებში რაც განხორციელებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, რომელმაც მიიღო რეზოლუცია 1373, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ვალდებულნი გახდნენ ტერორიზმის გამოეცხადებინათ კრიმინალური აქტად და აღმოფხვრან ტერორიზმის დაფინანსების წყაროები. გაერო–მ მიიღო 16 ძირითადი კონვენცია ტერორიზმის წინააღმდეგ.

ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული  ინტერვენციის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემები 

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა , რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2001 წლის 9/11–ის ტერაქტის შემდეგ , როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგთან. 

თანამედროვე ვესტფალიური საერთაშორისო წესრიგში , რომელსაც საფუძვლად უდევს საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა კვლავაც რჩება მნიშვნელოვან პრინციპად და ნორმად, რომელსაც სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ.

გაერო – ს წესდების მე – 2 მუხლის 1 ქვეთავში ნათქვამია, რომ : ორგანიზაცია ეფუძნება მისი ყველა წევრის სუვერენული თანასწორობის პრინციპს“. 

ტერორიზმის შესახებ ნათელი დეფინიციის არ არსებობა და ასევე სუვერენიტეტის პრინციპის პრიმატი არაეფექტურს ხდის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.თუმცაღა, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ტერორიზმისაგან მომავალი საფრთხის სერიოზულობამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პრიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით მოხდა ავღანეთში ინტერვენციაა და მისი ოკუპაცია , მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამ სახელმწიფოს თანხმობა ინტერვენციასთან დაკავშირებით. წინამდებარე მოსაზრება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ტერორიზმმა შეცვალა საერთაშორისო ურთიერთობების ბუნება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თუნდაც ვესტფალიური წესრიგის უმთავრესი მონაპოვრის–სუვერენიტეტის – დაღვევის ხარჯზე, დასაშვებია.

ჟენევის კონვენციების მიხედვით საერთაშორის სამართალში არსებობს ორი ტიპის კონფლიქტი: საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი და არა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც პირველი არსებობს თუ კი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის არის შეიარაღებული დაპირისპირება, ხოლო მეორე განიმარტება როგორც : განგრძობადი შეიარაღებული კონფრონტაცია, რომელიც ხდება სამთავრობო შეიარაღებულ ძალებსა და შეიარაღებული ჯგუფების ძალებს შორის ან ჟენევის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორ ჯგუფს შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირება.

ზემოთ აღნიშნული განმარტების მიხედვით , ომი ტერორზე, რასაც მოჰყვა ამერიკის თავდასხმა ავღანეთზე, რომელიც მიჩნეული იყო, რომ მფარველობდა ალქაიდას, წარმოადგენდა საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს რომელიც ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა. 

ავღანეთზე თავდასხმამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა უშიშროების საბჭოს , რომ ის ხელმძღვანელობდა „ ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლებით, რაც წარმოიშვა 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაზე თავდასხმით“. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალის გამოყენება ავღანეთის წინააღმდეგ შემდეგნაირად ახსნა ჯორჯ ბუშმა : 

„2001 წლის 11 სექტემბრის თავდახმა და ორგანიზაცია ალქაიდას მხრიდან ამერიკისა და ამერიკელების წინააღმდეგ მომავალი მიმდინარე საფრთხე, შესაძლებელი გახდა თალიბანის რეჟიმის გადაწყვეტილებით, რომელმაც უფლება მისცა ამ ორგანიზაციას ემოქმედა ავღანეთში  თალიბანის  მიერ კონტროლირებად ნაწილში .. ავღანეთის ტერიტორიიდან ორგანიზაცია განაგრძობს მხარი დაუჭიროს და აღჭურვოს ტერორის აგენტები, რომლებიც შეტევას ახორციელებელ უდანაშაულო მოქალაქეებზე მსოფლიოს მაშტაბით..“

დღესდღეობით არ არსებობს  გაერო–ს ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ტერორიზმზე ან ოფიციალური დეფინიცია სიტყვა „ტერორიზმისა“.თუმცა, გაერო–ს ფარგლებში არსებობს ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია და პროტოკოლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს მოახდინონ ტერორიზმის მანიფისტირების ნებისმიერი მცდელობის კრიმინალიზაცია.

ტერორიზმის – არა სახელმწიფოებრივი ფენომენის– წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ინტერვენცია ავღანეთში და მისი სუვერენიტეტის დარღვევა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვესტფალიური წესრიგის რელევანტურობას 21– ე საკუნეში .

რა შეცვალა ტერორიზმმა საერთაშორისო სისტემაში : ახალი „უსაფრთხოების დილემის“ კონცეფცია   

„უსაფრთხოების დილემის“  კონცეფცია ვესტფალიური საერთაშორისო წესრიგის ძირითადი ამოსავალი წერტილია. საერთაშორისო სსიტემაში, სადაც არ არსებობს უზენაესი ხელისუფლება და შესაბამისად სისტემა არის ანარქიული,  სახელმწიფოები მოქმედებენ თვით – დახმარების რეჟიმში. 

საერთაშორისო ანაქრიულ გარემოში სახელმწიფოებს ერთმანეთის ეშინიათ , რადგან მათ შორის არსებობს ორმხრივი უნდობლობა.ყველა სახელწმიფო ცდილობს იყოს უსაფრთხოდ,მიიღოს სამხედრო უპირატესობა, გაიუმჯობესონ საკუთარი უსაფრთხოების სტატუსი სამხედრო დანახარჯის ზრდის მეშვეობით. რადგანაც შეიარაღებული დაპირისპირება არის მუდმივი წუხილის საგანი, ერთი სახელმწიფოს სამხედრო უპირატესობა შეიძლება მეორეს მიერ უსაფრთხოების გაძლიერებით დაიჯაბნოს. აბოლუტური უსაფრთხოება შეუძლებელია.შესაბამისად სახელმწიფოები არიან მოქცეული დილემაში, რომელსაც უსაფრთხოების დილემა ეწოდება.

საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოთა ურთიერთმიმართება და ურთიერთქმედება კვლავ თვით–დახმარების რეჟიმში მიმდინარეობს და უსაფრთხოების დილემა კვლავაც რელევანტურია, რადგანაც საფრთხეები მომდინარეობს სახელმწიფოებისაგან და ისინი რჩებიან სისტემის მნიშვნელოვან მოთამაშეებად.თუმცაღა, დღევანდელ საერთაშორისოს სისტემაში ძალის გამოყენება აღარ წარმოადგენს ექსკლუზიურად სახელმწიფოს პრივილეგიას და არა – სახელმწიფო აქტორებიც ამ მხრივ ფლობენ მნიშვნელოვან რესურსს.

ტრადიციული „უსაფრთხოების დილემის“ კონცეფცია კარგავს თავის ღირებულებას, რადგანაც აღნიშნული მიდგომის თანახმად,  ძირითადი საფრთხეები მხოლოდ სახელმწიფოებისაგან  მომდინარეობს , რაც მათ  ერთმანეთთან უსაფრთხოების დილემაში ამყოფებს. თუმცა, დღესდღეობით, ტერორისტული ორგანიზაციებიც გამალებულად ესწრაფვიან შეიარაღების მოპოვებას , მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის, რაც სახელმწიფოთა წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი გამოწვევაა, შესაბამისად ისინიც „უსაფრთხოების დილემის“ ელმენტებს წარმოადგენენ.

ახალი „უსაფრთხოების დილემის“ კონცეფცია შეგვიძლია განვმარტოთ როგორც პროცესი, სადაც საერთაშორისო ანარქიულ სისტემაში სახელმწიფოებს ერთმანეთისადმი უნდობლობა ახასიათებთ და სადაც ერთი სახელმწიფოს მიერ სამხედრო სიძლიერესისაკენ სწრაფვა და სამხედრო დანახარჯის ზრდა უბიძგებს  სხვა სახელმწიფოს თვითონაც მიჰყოს ხელი მსგავს ქმედებას , რადგანაც ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები.ამავდროულად, განსხვავებით სახელმწიფოებისაგან მომავალი საფრთხისა, რომელიც ხილული, პროგნოზირებადია და შეიძლება მასზე რეაგირების მოხდენა, ტერორიზმისაგან მომავალი საფრთხე არ არის ხილვადი და პროგნოზირებადი ქმედება, სახელმწიფოები ვერასდროს გათვლიან წინასწარ როდის განხორციელდება მათზე შეტევა, შესაბამისად უსაფრთხოების დილემას ახალი განზომილება ემატება, რომელსაც შეიძლება უხილავი  უსაფრთხოების დილემა ვუწოდოთ.

თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ტერორიზმა სახელმწიფოებს გაუჩინა დაუცველობის განცდა, რადგანაც ერთმა  სახელმწიფომ შეიძლება მოახდინოს  მეორე სახელმწიფოსაგან მომავალი საფრთხის წინასწარ პროგნოზირება სხვადასხვა მექანიზმებით (შეიარაღების ზრდა, საზღვართან მოახლოება, სადაზვერვო საქმიანობის წარმოება და სხვ.) , თუმცაღა, საფრთხე , რომელიც მომდინარეობს ტერორიზმისაგან არ არის ხილვადი და მასზე რეაგირება მხოლოდ პოსტ– ფაქტუმ არის შესაძლებელი.

დასკვნა

წინამდებარე ნაშრომის შეეცადა  ტერორიზმის ფენომენის გაანალიზებით დაემტკიცებინა მოსაზრება , რომ ტერორიზმის გავლენით,  ვესტფალიური საერთაშორისო სისტემა, რომელიც სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას ეფუძნება, კარგავს რელევანტურობას 21–ე საუკუნეში. ნაშრომში მიმოხილული იყო ტერორიზმის დეფინიციასთან დაკავშირებული პრობლემები და ვესტფალიური საერთაშორისო სისტემის ძირითადი მახასიათებლები. 

9/11 ტერორისტულმა აქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სახელმწიფოთა მონოპოლია ძალაზე და შექმნა ძალის ასიმეტრიული განაწილება, რამაც გავლენა მოახდინა საერთაშორისო სისტემის ცვლილებაზე. ტერორიზმის საფრთხისადმი გასამკლავებლად სახელმწიფოები არღვევენ ვეტსფალიის წესრიგის ძირითად მონაპოვარს, სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, რაც ნათლად დასატურად ამერიკის მიერ ავღანეთში ინტერვენციით. 

თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხოების დილემამ შეიძინა ახალი გაზნომილება და განსხვავებით ტრადიციული „უსაფრთხოების დილემისა“, რომლის დროსაც სახელწმიფოსაგან მომავალი საფრთხის პროგნოზირება შესაძლებელია, იქმნება ახალი უსაფრთხოების დილემის მდგომარეობა ,რომლის დროსაც ტერორიზმისაგან მომავალი საფრთხის პროგნოზირება შეუძლებელია, რაც თანამედროვე სახელმწიფოს ამ საფრთხის წინაშე დაუცველს ხდის.