Print

სოციო-კულტურული ველის გავლენა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე

ავტორი: ანა გვალია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

რა არის სოციოლოგია? მარტივი განმარტების დონეზე ეს არის მეცნიერება საზოგადოებისა და მისი შემადგენელი ჯგუფების და ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესახებ. სოცილოგია, როგორც წესი, იყოფა ორ დიდ ჯგუფად: თეორიულ და პრაქტიკულ სოციოლოგიად. ორივე მათგანი უაღრესად ფართოა, უამრავი ქვე მიმდინარეობით. როგორც სოციოლოგს, ძალიან კარგად მესმის პრობლემური საკითხის დავიწროვების აუცილებლობა, ამიტომ ჩემს ესეში ყურადღებას გავამახვილებ პრაქტიკულ სოციოლოგიაზე, კიდევ უფრო თუ დავაზუსტებ, პარაქტიკული სოციოლოგიის როლსა და გამოწვევებზე წინასაარჩევნო პერიოდში.

საქართველო, ბოლო ერთი წლის მანძილზე, წინასაარჩევნო, გამოცხადებული  თუ გამოუცხადებელი ბრძოლების არენად იქცა. არჩევნებამდე სამი თვით ადრე კი ქვეყანა მოთუხთუხე ქვაბს დაესგავსა, სადაც პოლიტიკური ოპონენტები ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით ებრძოდნენ ერთმანეთს, არ იშურებდნენ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს საბოლოო გამარჯვების მისაღწევად. განსაკუთრებით აქტუალური გახდა სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც შეისწავლიდნენ ელექტორატის განწყობებს, მათ პოლიტიკურ სიმპათიებს და ანტიპათიებს. სოციოლოგიურ კვლევებს ქართულ ორგანიზაციებთან ერთად ატარებდნენ საკმაოდ ცნობილი და წონიანი უცხოური ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ NDI, IRI, რომელთა კვლევის მეთოდების სისწორეში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რასაც სოკოებივით მომრავლებულ ქართულ სოციოლგიურ კვლევით ცენტრებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მაშინ რამ გამოიწვია ის შედეგი, რომელიც ქართული და არაქართული კვლევითი ორგანიზაციების შემთხვევაში ერთნაირი იყო. კვლევის შედეგები უკიდურესად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან იმის მიხედვით თუ როგორი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე მკვლევართა ჯგუფი ატარებდა მას. განსხვავება დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ერთი და იმავე გენერალური ერთობლიობის პირობებში კვლევის შედეგებს შორის მინიმუმ 20% იყო, ხოლო მაქსიმუმ იმდენი, რამდენიც ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს 100% ფარგლებში. რეალურად კი, ვისაც სოციოლოგიასთან და მონაცემების სტატისტიკურ ანალიზთან მცირე შეხება მაინც ჰქონია, კარგად იცის, რომ კვლევებში ცდომილება 0.05% დან 5%-მდე ვარირებს და ამ ფარგლებს არასოდეს ცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლევის ინსტრუმენტის ან შერჩევის მეთოდოლოგიის სისწორე ეჭვქვეშ დგება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მეთოდი არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზითპოლია, რომელიც, როგორც წესი, პირდაპირ ასახავს საბოლოო შედეგს. ჩვენს შემთხვევაში კი სხვადასხვა ეგზითპოლებს შორის ერთის მხრივ და ეგზითპოლებსა საბოლოო შედეგებს შორის მეორეს მხრივ, განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ ამ ციფრის დასახელებაც კი უხერხულია. ჩნდება კითხვა, რა მოხდა? რა იყო ის, რამაც მსგავსი გროტესკული სიტუაცია წარმოშვა? ჰქონდა თუ არა მიზანმიმართულ გაყალბებებს ადგილი მკვლევრების მიერ, რათა ემოქმედათ ამომრჩევლებზე და მათ განწყობებზე? ამ უკანასკნელ დაშვებას ვერ უარვყოფთ, რადგან სოციოლოგს ნამდვილად შესწევს ძალა, გაყალბების გარეშეც კი, კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) კონსტრუირების ეტაპზე ან/და შერჩევის დროს, პროცესები მართოს ისე, რომ სასურველი შედეგები მიიღოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არც ეს იყო არსებითი. ის თუ რამ გამოიწვია ასეთი სავალალო შედეგები, მინიმუმ სოციოლოგიისთვის, როგორც მეცნიერებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ფესვგადგმული საქართველოში, გარკვეული წანამძღვრების განმარტებას საჭიროებს, რისთვისაც საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითს მივმართავ და შევეცდები ამ გზით მივიდე სწორ პასუხამდე.

პრაქტიკული სოციოლოგია სათავეს მე-20-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩიკაგოს სკოლიდან იღებს. ჩიკაგოს სკოლის მკვლევრები იყვნენ პირველები, რომლებიც გამოვიდნენ სამუშაო კაბინეტებიდან და ხელოვნურის ნაცვლად ბუნებრივ გარემოში დაიწყეს სოციალური პრობლემების კვლევა. ამ პერიოდიდან მოყოლებული კვლევის მეთოდები უაღრესად დაიხვეწა და დღეს სწორად ჩატარებული შერჩევის პირობებში, შესაძლებელია გენერალური ერთობლიობის უმცირესი ნაწილის გამოკითხვით მივიღოთ ის პასუხები, რაც მთლიანი პოპულაციის მოსაზრებების პირდაპირი ასახვაა. სოციოლოგიური კვლევების სანდოობა კი ეჭვქვეშ თითქმის არასდროს დგება. რა განაპირობებს დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში იმას, რომ კვლევის შედეგები არის ის ინდიკატორი, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობის განწყობებს იგებენ. არსებობს ორი ძირითადი და უმთავრესი ფაქტორი:
1.გამოცდილი, პროფესიონალი მკვლევარი, რომელიც არამარტო კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნითაა აღჭურვილი, არამედ, კარგად იცნობს იმ სოციო-კულტურულ ველს, რომელშიც მცხოვრები ადამიანებისგან იღებს ინფორმაციას.
2.ღია საზოგადოება- საზოგადოება სადაც არ არსებობს შიშის ფაქტორი, სადაც შიში არ გასდევს ფონად ადამიანთა ქმედებებს და სადაც თვითეულ ინდივიდს თამამად და ღიად შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი მოსაზრება, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის.

პრაქტიკული სოციოლოგიის შესახებ მოკლე ექსკურსით მივუახლოვდი იმ საკითხს რაც ჩემი აზრით განმსაზღვრელი გახდა იმ რეალობისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ არჩევნებისწინა პერიოდში. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით: სოციო-კულტურული ველი, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ფორმირდება ჩვენი პიროვნება და საზოგადოება რომელიც შედგება იმ ინდივიდებისგან რომელებიც თავის მხრივ სოციო-კულტურული ველით, ყველაზე ძლიერი დეტერმინანტით, არიან განსაზღვრულნი. ქართულ საზოგადოებას რომ ღიას ვერ დავარქმევთ ეს თვალნათელია. არ გვჭირდება შორეულ წარსულში წასვლა, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი. შეგვიძლია უკანასკნელი 100 წელი მოვიტანოთ მაგალითად, როდესაც მოქალაქის მიერ სიმართლის თქმა პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ ის იყო ხალხის მტერი და რომ ’’გვირაბს თხრიდა ბომბეიდან ლონდონამდე’’, ამას კი მოჰყვებოდა სადამსჯელო ღონისძიებების ნაკრები არამარტო იმაზე, ვინც გაბედავდა და ხმას აიმაღლებდა, არამედ მის ოჯახზეც. ამ წლების განმავლობაში იცვლებოდნენ მთავრობები, მაგრამ არ იცვლებოდა დამოკიდებულება საღი აზრის მიმართ, სიმართლის მიმართ, რომელიც ისევ იყო განდევნის, აკრძალვის ობიექტი. ბოლოდროინდელი (წინასაარჩევნო) მდგომარეობა კი ასეთი იყო: ან იტყოდი იმას რაც სურდათ მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, ან დაკარგავდი მინიმუმ სამსახურსა და მაშასადამე ოჯახის შენახვის ეკონომიკურ ბერკეტებს ან უფრო უარესი, მოხვდებოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ყოფნას ნამდვილად სჯობს სოციოლოგის მიერ დასმულ კითხვას უპასუხო არაგულწრფელად. დაშინებული ადამიანი, რომელზეც არამერტო საკუთარი არამედ უახლოესი გარემოცვის ბედი იყო დამოკიდებული, მიეჩვია შიშსა და მუდმივ ეჭვებში ცხოვრებას, რომ მას უსმენენ, რომ მისი პოზიცია შესაძლოა მის წინააღმდეგ გატარებული სასჯელის საფუძველი გახდეს და რა გასაკვირია, რომ სოციოლოგიური კითხვარიც ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად მიეჩნიათ, როცა ასეთი პრეცენდენტებიც არ წარმოადგენდა იშვიათობას. ეს არის პრობლემის ერთი მხარე, რომელსაც ყველა ქართული სოციოლოგიური კვლევითი ცენტრი კარგად იცნობდა და ისიც კარგად იცოდნენ თუ რითი იყო განპირობებული ის შედეგები, რასაც კვლევები იძლეოდნენ, სამაგაიეროდ ამ სიტუაციის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ უცხოურმა კვლევითმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც ალბათ ვერც წარმოედგინათ, რომ შესაძლებელია სოციოლოგიურ გამოკითხვაში ერთი პარტია 20%-ით უსწრებდეს მეორეს და ზუსტად ერთი თვის თავზე, ამდენივე პროცენტით წააგოს. აქ მეორე პრობლემასთან მივედით. დიახ NDI და IRIარ იცნობდნენ იმ სოციო-კულტურულ ვითარებას რაც საქართველოში იყო და ამიტომაც მათ მიერ კვლევებისთვის უმიზნოდ დახარჯულ ფულად და ადამიანურ რესურსებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარი რეპუტაციაც დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და სოციოლოგიას, როგორც კვლევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, იმ ტრანსფორმაციების ფონზე რასაც საქართველო განიცდის, შეულახეს ავტორიტეტი და ისედაც სუსტად განვითარებულ პროფესიას,  დამატებითი პრობლემები შეუქმენს, რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერ ადგილობრივ სოციოლოგიურ კვლევით ორგანიზაციებთან ერთად.ეს იყო ის ძირითადი და ყველაზე ადვილად შესამჩნევი მიზეზები, რამაც არსებულ შედეგებამდე მიგვიყვანა, თუმცა ჩნდება კითხვა-უცხოური ორგანიზაციები რატომ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, რატომ არ აუხსნეს მათ, რომ მიღებული შედეგები, იმ დაშინებების ფონზე რაც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ მიმდინარეობდა, ვერანაირად იქნებოდა რეალური სურათის ამსახველი. რატომ არავინ უთხრა მათ, რომ რესპონდენტები იყვნენ ის ადამიანები, რომელთა იძულების გზითაც, თვეების მანძილზე ივსებოდა სხვადასხვა ქალაქების ცენტრალური მოედნები და რომელთა ფსევდო სიმრავლე მავანთა სიხარულის ყიჟინას იწვევდა. ადამიანები რომლებიც თავად უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული რეალური განწყობების ცოდნით, რათა ამ  მიმართულებით მუშაობა უფრო ინტენსიური გაეხადათ, სირაქლემას პოზაში დადგნენ და დაიჯერეს, რომ დაშინების წყალობით ისევ შეძლებდნენ თავისთვის სასურველი შედეგების მიღებას. ასე არ მოხდა. გაყალბებული პოლიტიკური განწყობები მიიღეს, რეალური ხმები ვერა. ჩემთვის კი, როგორც სოციოლოგისთვის, დადგა სამწუხარო შედეგი, სოციოლოგიური კვლევები, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე უმნიშვნელოვანესია გარდატეხის ეტაპზე მყოფი საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გახდა პოლემიკის საბაბი და მისი სანდოობა კიდევ ერთხელ,  უკვე მერამდენედ ეჭვქვეშ დადგა, რაც დადებითად ნამდვილად არ წაადგება მისი განვითარების საქმეს.