Print

როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი: ანანო ქირია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

თითქოს ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. თუ მოვიშველიებთ ტომ პეინის სიტყვებს, ის „უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ მიზნებსა და მოქალაქეების ინტერესებს და არ უნდა იყოს ორიენტირებული პოლიტიკური ხელმძღვანელების ან ბიზნესმენების ინტერესებზე და მომგებიანობაზე“. თუმცა მე მგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მეტი „მოეთხოვება“. თემის განხილვისას, ვეცდები მივიდე პასუხამდე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში. 

-დე, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? – ვეკითხები დედაჩემს, რომელსაც საზოგადოებრივ საკითხებზე უფრო მასშტაბური საკითხი – ჩემი შვილის/მათეს ფქვილის ქვაბიდან ამოყვანა აწუხებს. 

-პირველი არხი სხვა არხებთან შედარებით უნდა იყოს..... - დედა აგრძელებს თავის აზრის გამოხატვას, მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენ, რადგან საშინელი ირონია მეუფლება, როცა ვხვდები რომ „სხვა არხებთან შედარებით“ უკეთესი  ან ძალიან უკეთესი -  სულაც არ ნიშნავს კარგს. 

ზოგადად მგონია, რომ საქართველოს პირობებში „სხვა არხი“ არც არსებობს. არსებობს ერთი აზრი, ერთი დღის წესრიგი, ერთი სტრუქტურა, ერთიდაიგივე დისკურსის მქონე ჟურნალისტები, რომლებიც (ალბათ უფრო ალბათობის პრინციპით) გადანაწილებულები არიან სხვადასხვა შენობებში –  და არა მაუწყებლებში (!). ამიტომ, ვთვლი რომ სხვა არხებთან შედარება არ მიმიყვანს სწორ პასუხამდე იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ ის მათი მსგავსი არ უნდა იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „სხვა არხები“ მაღალი ხარისხისა და პროფესიული დონის მაუწყებლები არიან. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს სხვა ლოგიკა, სხვა პრინციპები და სხვა ღირებულებები. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება თვითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადებით. ეს უნდა ზრდიდეს მის და ასევე მასში მომუშავე ჟურნალისტებისა და რიგითი თანამშრომლების პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და თავისი საქმის კარგი მცოდნეები. 

„  ......ეს უნდა ზრდიდეს მის და ასევე მასში მომუშავე ჟურნალისტების..“ - თვალს ვავლებ ჩემ ნაწერს და ისევ საშინელი ირონია მეუფლება - ნოლი არ იზრდება.. შეიძლება ზედმეტად რადიკალურია ჩემი პოზიცია, მაგრამ ვთვლი, რომ დღესდღეობით ქართულ ტელესივრცეს, ჟურნალისტიკას, და ალბათ საზოგადოებასაც,ყველაზე მეტად აკლია პასუხისმგებლობა. შეიძლება რომელიმე ჟურნალისტი სიმართლეს ამბობდეს, რომელიმე ტყუილს, მაგრამ  რაც მათაერთიანებთ ეს არის - უპასუხისმგებლობა.

ვეთანხმები ჯონ კინის მოსაზრებას, რომ „არ იქნებოდა მიზანშეწონილი, გაცხარებულ კამათში საზოგადოებრივი მედია დაგვეხატა, როგორც „ხარისხის“ , „ობიექტურობის“, ნიმუში.“ მართლა ძნელია ჟურნალისტს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მოვთხოვოთ, (თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ამას) იმ მარტივი მიზეზის გამო რომ - „ადამიანია“. მაგრამ, აუცილებელია ჟურნალისტს (და მითუმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს) მოვთხოვოთ პასუხისმგებლობის განცდა, ესეც იმავე მარტივი მიზეზის გამო რომ - „ადამიანია“ (!).

საბოლოოდ იქამდე მივდივართ რომ ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს მაუწყებელში და არის საზოგადოების წევრი, პასუხისგებლობით უნდა  მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან იგი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს ერთი რიგითი არხის სახეს, ის არისადამიანი,  რომელიც ანხორციელებს საზოგადოების დაკვეთას. „ჟურნალისტი მართლაც ძლევამოსილი ფიგურაა“(ნ.ზარდიაშვილი. „რეიტინგის დიქტატურა“).

თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები არ ითვალისწინებენ ან ნაწილობრივ ითვალისწინებენ ზემოაღნიშნულს, რაც პირველ რიგში, ამცირებს ნდობას მთლიანად საზოგადოების მიერ. (ვფიქრობ, ამავდროულად, საზოგადოებასაც ევალება მეტი პასუხისმგებლობა, რათა გააკონტროლოს მის მიერ „დაქირავებულ“ ადამიანთა ჯგუფი.)

–მა, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? - ვეკითხები მამას, რომელსაც უკვე შეეხო (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) საზოგადოებრივ საკითხებზე მეტად მასშტაბური საკითხი – ფქვილიანი მათე. 

–ისეთი, რომ მეხმარებოდეს ბავშვების სწორად აღზრდაში. – მპასუხობს დაუფიქრებლად და თან მათეს უყურებს, რომელიც სიცილით კვდება თეთრი ბაბუას დანახვაზე. 

განათლება და აღზრდა, ნამდვილად არის ის ერთ–ერთი უმთავრესი ფუნქცია, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იკისროს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს კომერციული კუთხით მომგებიანი. ჩვენ გარემოში, ტელესივრცეში, ყველაფერი კეთდება ან პოლიტიკური ან კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. საგანმანათლებლო პროგრამები, ეს ის პროგრამებია, რომლებიც არც მაღალი რეიტინგით სარგებლობენ, არც პოლიტიკურ სფეროს აინტერესებს და არც ფინანსური კუთხითაა მომგებიანი. ამიტომ, თუ ზოგიერთ პროგრამებზე ჩვენ შეგვიძლია თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ „არაუშავს თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს რაღაც არ ექნება, სხვა არხებიდან მაინც მივიღებთ ინფორმაციას“, საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით, რადგან ის ზოგადად ქართულ სამაუწყებლო სივრცეში არ არსებობს, ან თუ არსებობს ისეთი ფორმით, შექსპირი რომ იტყოდა „ყოფნა?! არ ყოფნა?! საკითხავი აი ეს არის!“

ჩართავ ტელევიზორს და სერიალების, საინფორმაციო გადაცემებისა, რომლებიც თავიანთი შინაარსით დიდად არ განსხვავდებიან სერიალებისგან, და გასართობი შოუების გარდა ვერაფერს ვერ ნახავ. რა განათლებას მაძლევს მე ეს არხი? ალბათ იმას, რომ ხელმეორედ აღარ ვუყურო.. დროული იქნება ჯონათან პაუელის სიტყვების გახსენება, რომ “საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობა უნდა ხელმძღვანელობდეს უფრო მაღალი მიზნებითა და მისწრაფებებით,, ვიდრე მარტოოდენ გართობა. მაუწყებლობის საზოგადოებრივი სამსახური – ეს არის ხარისხიანი და პოპულარული პროგრამების შექმნის მცდელობა. ის პატივს სცემს ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებას და დგება სტერეოტიპებზე მაღლა, ამაღლებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. მისი ჟანრები ასახავენ კაცობრიობის არსებობის მთელ სირთულეს.”

„ჩვენ კი ვიცით რა არის საჭირო, მაგრამ რა ვქნათ, მასას ასეთი გადაცემები მოსწონს“ - ვკითხულობ ნ.ზარდიაშვილის სტატიაში წინადადებას, რომელიც არაერთხელ გამიგია. დაუშვებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამავე მიზეზით იმართლებდეს თავს.

უფრო ნათელი რომ გახდეს ჩემი პოზიცია მაგალითად მოვიყვან, სკოლებში იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილიჰაგიოგრაფიულინაწარმოების„შუშანიკის წამება“ სწავლებას. შეიძლება გაკვეთილის დროს, კლასში მჯდომი ბავშვების მხოლოდ მცირე რაოდენობა უსმენდეს ახსნას და გამოხატავდეს ინტერესს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები ამოსაღებია სასწავლო კურსიდან იმის გამო, რომ არაპოპულარობით სარგებლობს მოსწავლეებში. იგი წარმოადგენს აუცილებლობას, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.  

ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ რიგში, უნდა ხელმძღვანელობდეს პრინციპით, თუ რა დააკლდება საზოგადოებას, ამ გადაცემის/პროგრამის ქონით ან არ ქონით.

–მაგრამ თქვენ ორი ვერ გამიზრდიხართ და სხვას რა უნდა მოვთხოვო? –აგრძელებს მამაჩემი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობას“ და უკვე უფრო მეტ მასშტაბს სძენს საკითხს და მეც მრთავს მასში - „თქვენ ორი ვერ გამიზრდიხართ...“–ით.

საინტერესოა, მართლა უნდა მოვთხოვოთ თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენ აღზრდაზე და განათლებაზე ზრუნვა? იქნებ ეს ის საკითხია, რომლითაც ოჯახი, ან სხვა ინსტიტუტები უნდა დაკავდნენ? ცოტაც და ვატყობ, რომ მამას დავეთანხმები, მაგრამ როცა ვუყურებ სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ საათს ატარებს ადამიანი საშუალოდ ტელევიზორთან, ვხვდები რომ საგანმანათლებლო ფუნქციაზე უარის თქმა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს (ან უკვე დიდი ხანია რაც მიგვიყვანა).

..თემის წერა ნამდვილად არაა ადვილი, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მესმის, როგორი ენის მოჩლექვით  ელაპარაკება მათეს ბებიაჩემი- „ლა საკალელი ხარ, ლოგოლ გათეთრებულქალ“.. მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ჩემი მოთმინება ამ ზღვარს ბებოს 5 წუთიანი მონოლოგის მერე უახლოვდება - „კარგი რა ბე, ადამიანური ენით ელაპარაკე“ - ვთხოვ ბებოს გამოზომილი სიმშვიდით და ისევ საზოგადოებრივი მაუწყებელი მახსენდება - როგორ უნდა გველაპარაკებოდნენ ისინი ჩვენ? როგორი უნდა იყოს მათი დისკურსი?

ვერ დავეთანხმები ჟან ბოდრიარის მოსაზრებას, რომ: „მასების დარწმუნება შინაარსის ან თუნდაც შეტყობინების კოდის მნიშვნელობაში ვერაფრით ვერ მოხერხდა. მასებს გზავნილებს სთავაზობენ, მათ კი მხოლოდ ნიშნები აინტერესებთ“ (ჟ.ბოდრიარი „მდუმარე უმრავლესობის ჩრდილში“). შეიძლება ის ნაწილობრივ მართალია, როცა ამბობს, რომ მასისთვის მთავარია სანახაობრიობაა და არა შინაარსი, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში მაინც ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს სხვა არხებისგან განსხვავებულ დისკურსს უნდა სთავაზობდეს. ამაზე მსჯელობისას ორი საკითხი შეიძლება გამოვყოთ: 1) როგორ/რა ენით უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია და 2) ძირითადად რა სახის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ?

პირველ რიგში მთავარია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს ის, რაც სხვა არხებმა დღემდე ვერ (ან არ) შეძლეს - გველაპარაკონ ფაქტებით და არა ინტერპრეტაციებით! ( საკამათო არ უნდა იყოს ის საკითხი, მაგალითად მანდარინი მწვანეა თუ წითელი. ფაქტი უნდა იყოს, რომ მანდარინი მწვანეა, ხოლო კარგია ის, რომ, მანდარინი მწვანეა თუ ცუდი, ეს უკვე ინტერპრეტაციის საკითხია).

უკვე მესამე წელია რაც ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ და ამის ერთერთი მიზეზი სწორედ ტელევიზიების მიერ ჩამოყალიბებული დისკურსის სტილია - მათი მოსმენისას მგონია რომ აუდიტორიას აღგვიქვავენ, როგორც მარტივ არსებებს, რომელსაც ინფორმაცია უნდა დაუღეჭო, არ უნდა დაუტოვო აზროვნების საშუალება და ელაპარაკო ისე როგორც პატარებს დამრიგებლური ტონით ელაპარაკებიან. თუმცა ამაშიც „დამნაშევეები“ ჩვენ, აუდიტორია ვყოფილვართ - „ნუ მოვეკიდებით ზედმეტად სერიოზულად სიტყვებს, მათ მაინც არავინ უსმენს“ (ნ.ზარდიაშვილი „რეიტინგის დიქტატურა“). შეიძლება ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ამ კუთხით შეცვალოს მდგომარეობა და ისეთ ენაზე და დონეზე წარმართოს თავისი დისკურსი, რომელიც შეეფერება საზოგადოებას და მის მაუწყებელს.

რაც შეეხება მეორე საკითხს -ძირითადად რა სახის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ, ამაზე პასუხი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ის, რომ, პირველ რიგში, ნებისმიერი ინფორმაცია/ გადაცემა წარმართული უნდა იყოს სამოქალაქო  და არა პოლიტიკისჭრილში.თუმცა ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია საიმისოდ, რომ დავეჭვდეთ ვუყურებთ ჩვენ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ თუ „პოლიტიკურ მაუწყებელს“?

საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება გადაცემებში, სადაც ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გააცნოს ტელემაყურებელს, ესაუბროს იმ სოციალურ საკითხებზე, რომლებიც ხდება საქართველოში და მართლა საინტერესოა თითოეული მოქალაქისთვის, იმდენად რამდენადაც ეს საკითხი ჩვენ და ჩვენ სოციალურ გარემოს ეხება.

იდეაში, სოციალური თემა ყველასთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებ,ა მაუწყებელი შედარებით ნაკლებ ყურადღებას იჩენს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. 

მაგალითად, 2013 წლის საქართველოს ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულებით გამოიყო 1 მილიარდამდე ლარი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა ისე საფუძვლიანად, როგორც მას ევალებოდა.  არადა სოციალური თემა, უმუშევრობა  და მასთან დაკავშირებული ბევრი გადაუჭრელი საკითხი,  ქვეყანაში ითვლება ნომერ პირველ პრობლემად. რატომ არ გაშუქდა ეს ინფორმაცია საკმარისად? ეს კითხვა გულწრფელად მიჩნდება, რომელზეც პასუხი სამწუხაროდ არ მაქვს, თუმცა მახსენდება ქართული გამონათქვამი, რომ „ჩვევა რჯულზე უმტკიცესია“. ვგულისხმობ იმას, რომ ტელევიზია მიჩვეულია, ერთი დღის განრიგს, ერთი ტიპის დისკურსს, მიჩვეულია, რომ უნდა გაშუქდეს პოლიტიზირებული ინფორმაცია, პოლიტიკაზე უნდა იყოს აქცენტი და არა სოციალურ და მართლა საჭირბოროტო საკითხებზე. ასე რო არ იყოს, აბა რა არის ცუდი იმის თქმაში რომ, სახელმწიფომ თავისი ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი გამოყო სოციალური დანიშნულებისათვის?

-აკო, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? - ვეკითხები ჩემ ძმას და ვხვდები რომ მასთან ასეთ თემაზე საუბარი სასოწარკვეთის ნიშანი უფროა, ვიდრე რაიმე ახლის და საინტერესოს გაგების.

-ისეთი, სადაც ჩემნაირ ექსპერტებს მიიწვევენ და აზრს შეეკითხებიან - მპასუხობს ჩემი ძმა მსუბუქი ირონიით და იმ აზრით, რომ ნებისმიერ ხუმრობაში სიმართლის ნახევარი მაინც არის.

მართლა, მნიშვნელოვანი საკითხია თუ რა სახეები ქმნიან მაუწყებლობას? ვინ უნდა იყოს მიწვეული? დღევანდელ მაუწყებელში ძირითადად ხდება ერთი და იგივე სახეების, რესპონდენტების და  ექსპერტების მიწვევა, რომლებიც მიწვეულნი არიან არა იმის გამო, რომ იმსჯელონ საჭირბოროტო საკითხებზე, არამედ ისინი წარმოადგენენ  ცნობად სახეებს ტელესივრცეში და ადვილად საკონტროლებლები/პროგნოზირებადები არიან ჟურნალისტებისთვის, ხოლო ის თუ რისთვისაა საჭირო მათი გამოჩენა, უკანა პლანზეა გადაწეული. ბევრი ამ სტუმართაგანი ეწევა აქტიურ დემაგოგიას და საქმის გარდა საუბრობს ყველაფერზე.

ამის გარდა, არაა აკო მტყუანი, როცა „მოითხოვს“, რომ მისი აზრი დაფიქსირდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით. ვთვლი, რომ უბრალო მოქალაქეები/უბრალო მოკვდავებიც აუცილებლად ჩართულნი უნდა იყვნენ ამ სივრცეში.

ამ კუთხით, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი მინდა იყოს ისეთი, როგორსაც ჯონ კინი აღწერს: „საზოგადოებრივი სამსახურის მოდელმა საფუძველი დაუდო უბრალო მოქალაქეების მონაწილეობის ტრადიციას ისეთი ტიპის პროგრამებში, სადაც მიდის აქტუალურ პრობლემებზე მსჯელობა, რამაც ხელი შეუწყო იდიომატიკური, სასაუბრო სტილის რესპექტაბელურად დამკვიდრებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პოპულარული გახადა უბრალო სიამოვნებები“.

საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელიც იქმნება ჩვეულებრივი მოქალაქეების გარეშე, ნამდვილად გავს თოვლის პაპის და ნაძვის ხის გარეშე დარჩენილ ახალ წელს. ახალი წელი მაინც რომ მოვა, მაგრამ ის ელფერი რომ აღარ აქვს..

რა თქმა უნდა, კიდე ბევრი საკითხის განხილვაა შესაძლებელი; მაგ, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ბიუჯეტი, უნდა მოხდეს ისეთი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა მაგალითად დოკუმენტური ფილმების მომზადება და ჟურნალისტური ძიებების წარმოება და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში მე გამოვყავი ის საკითხები, რომლებიც ვთვლი რომ პირველ რიგში არის გასათვალისწინებელი.

 

დასკვნა - როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

  • უნდა ჰქონდეს „სხვა ლოგიკა“;
  • სამოქალაქო ჭრილში აშუქებდეს ინფორმაციას;
  • ჰყავდეს პასუხისმგების მქონე ჟურნალისტები;
  • ზრუნავდეს საგანმანათლებლო ტიპის გადაცემების წარმოებაზე;
  • ნებისმიერი გადაცემა განსაზღვროს არა რეიტინგის, არამედ საჭიროების მიხედვით;
  • არ დასვას კითხვა „ვინ იქნება მოწვეული?“ არამედ დაინტერესდეს „რისთვის იქნება მოწვეული“.

 

* * *

-დე, როგორი უნდა იყოს პირველი არხი? - ვეკითხები მათეს, რომელიც ინტერესით კუჭავს ჯონ კინის ქსეროქსს. მათე თავის თავზე მიმანიშნებს..

-შენნაირი? - ვეკითხები ისევ.

-დი! - მპასუხობს, მათე რომლის ლექსიკონშიც სულ 5-6 სიტყვა არსებობს და აქედან ერთერთი „დი“-არის, თანხმობის ზრდილობიანი ფორმა.

____________

მართალია მათე, საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგი უნდა იყოს :)