Print

მე, თსუ, ბაზები და ილარიონი

ავტორი: ლადო მელქაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

დღეს 28 თებერვალს, როცა გაზაფხულის შემობიჯებამდე საათებიღა რჩება, თსუში არავის აქვს ხმაში ნარნარი და გულში სითბოს განცდა. დღეს გამორჩეული დღეა! როდესაც სტუდენტ ბაჭიებისა და მგლების როლ მოდელებს რაღაც უცნაურ მხეცად გარდასახვა უწევთ და ერთმანეთს არაფერში უდებენ ტოლს. დღეს ადმინისტრაციული რეგისტრაციაა, გადარჩება ის, ანუ კრედიტების სასურველ რაოდენობას აიღებს, ვინც ყველაზე მეტად გულადი, იღბლიანი და შეუპოვარია! უმრავლესობას არც წინა ღამეს ჩატარებული სპირიტუალური სეანსები შველის და არც დემონებისთვის ფრთოსნების მსხვერპლად შეწირვა. ვინც სასურველ ექვსვივე საგანს აიღებს თან ისე, რომ ცხრილში არ დაემთხვევა, ის მომავალში ლატარიას ხშირად თამაშობს და მოგების სხვებზე მეტი შანსი აქვს.

ირონიული შესავლიდან მკვეთრად გადავიდეთ პრობლემის გაანალიზებაზე. ბაზების პრობლემა ერთადერთი როდია, მაგრამ ის არსებული რეალობის საუკეთესო მაჩვენებელია. დრო დასჭირდა იმასაც კი რომ ადმინისტრაციას პრობლემა ეღიარებინა, შემდეგ დაპირება გასცა, რომ მას მოაგვარებდა. თსუ - ში პრობლემების დამალვას არიან მიჩვეულები, მიიჩნევა, რომ მათი წარმოჩენა პრესტიჟს ვნებს და მათზე საუბარი პროვოკაციული ნაბიჯია, საბოტაჟია დიადი სახელისა და ადმინისტრაციის წინაშე. დავუბრუნდეთ ბაზების პრობლემას, მის გადასაჭრელად ინერგება გერმანული პროგრამა, თუმცა მისი შეძენის შემდეგ, დანერგვის პროცესში გაირკვა, რომ გერმანული, პედანტური სისტემა ვერ ერგება ქართულ საუნივერსიტეტო რეალობას, მისი დანერგვა გაცილებით სავალალო შედეგებს გამოიწვევს, ბევრი სტუდენტი დაზარლდება, ის მცირე ნაწილი კი ვინც დარჩება უშფოთველად აირჩევს საგანს. მოკლედ, პრობლემა მრავალ ასპექტს მოიცავს და მართლაც რთული მოსაგვარებელია, მითუმეტეს ამ რეჟიმში. ადმინისტრაციას დეკლარილებული აქვს, რომ სულ მზად არის სტუდენტების მოსასმენად, ეს მართლაც ასეა და სურვილის შემთხვევაში შეხვედრის პრობლემა არ არსებობს. თუმცა, სტუდენტი ან ორგანიზებული ჯგუფი იშვიათად მიდის მწყობრი გეგმით ან პროექტით (პრინციპში ეს მოვალეობა არ არის და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული). ამ იშვიათ შემთხვევებშიც, მწვავე პრობლემებზე თავს იჩენს ბევრი ასპექტი, რაც სტუდენტურ ინიციატივებსაც თავდაყირა აყენებს. საინტერესოა რატომ არ გასცემს ადმინისტრაცია ინფორმაციას, არ ახდენს პრობლემების დეტალურ ანალიზს და სამჯავროზე გამოტანას, ეს არამხოლოდ აქტიურ სტუდენტებს დაეხმარებოდა, არამედ სხვებსაც მისცემდა მათზე ფიქრის საშუალებას. პრობლემებში სასირცხვილო არაფერია, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან შედარებით თსუ - ს პრობლემები სასაცილოც კი არის. არც შეცდომები და მათი აღიარებაა სირცხვილი. სირცხვილი ის არის, რომ პრობლემას იმდენ ხანს მალავ, ან გულგრილად ეკიდები მას, სანამ ის  არ დაგროვდება და პროტესტს არ გამოიწვევს, ამის შემდეგ თავს იჩენს და მრავალჯერ გამძაფრებული სახით ხდება საჯარო. იმავე ბაზების პრობლემაზე, დღეს სტუდენტების დიდმა ნაწილმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკმაყოფილება გამოხატა, მძაფრად რომ ვთქვათ უგინებელი არაფერი დაუტოვა თსუსა და ადმინისტრაციას სოციალურ ქსელებში. არადა ამ რთული პრობლემის მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია, უბრალოდ ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა ერთად უნდა იმსჯელონ ამაზე, გააკეთონ კვლევა, მოდელირება, ათასი რამ, სხვა თუ არაფერი სტუდენტი დარწმუნდება, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. კონკრეტული პრობლემების კვლევა არ ხდება. დიდი კვლევა მხოლოდ თსუს ბრენდირებაზე ჩატარდა, ერთ - ერთ შედეგად ყველა ფაკულტეტს საკუთარი ფერი მიენიჭა, ამის შესახებ უმრავლესობამ არც კი იცის და რას ემსახურებოდა თავის დროზე ეს კამპანია არავინ იცის. არავინ იცის რა მიზნით იწყება და რა მიზეზით წყდება შუა გზაზე პროგრამები, გერმანული ბაზებისა და ფაკულტეტის ფერების მაგალითი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელია.

მეტის გაგრძელების სურვილი არ მაქვს, თუმცა სულ უფრო ბევრი რამ მახსენდება დასაწერი, მაგრამ ამ ყველაფერს დალაგებული ნერვები და ცივი გონება სჭირდება, რომ პრობლემის მოგვარების სურვილის ნაცვლად ბრაზი და სხვა ნეგატიური ემოციები არ ჭარბობდეს ნაწერში.

ბოლოს ილარიონზე, მოგახსენებთ. ამ კალამბურს არაფერი აქვს საერთო უსაყვარლესი ნაწარმოების გამორჩეულ გმირთან. ილარიონი ამ შემთხვევაში უარყოფითი პერსონაჟია და ჩემთვის ზარმაცი, უპასუხისმგებლო, საკუთარი თავის პიარზე ორიენტირებული, პრობლემების პროვოკაციებისთვის გამომყენებელი (ჩასვით ყველა ნეგატიური შეფასება) სტუდენტისა და გულგრილი, ქედმაღალი, მხოლოდ ხელფასზე მოფიქრალი, ცრუ დაპირებების მომცემი, კეთილმოსურნეს მტრად განმხილველი (ჩასვით ყველა ნეგატიური შეფასება) ადმინისტრაციის წევრების კრებსითი სახელია.

ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს რა ჯობს, პლაკატებითა და შეძახილებით გამოსვლა, კულისებს მიღმა დიალოგი ადმინისტრაციასთან, კონფორმულობა თუ რამე სხვა. თუმცა ჩემი აზრით, ფართო, საჯარო დიალოგი საუკეთესო გამოსავალია.