Print

ვნებს თუ არა მაყურებლის ინფორმირებულობას ჟურნალისტის მიკერძოება?

ავტორი: მარიამ ჭიჭინაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

კითხვაზე, რომელიც თემის სათაურად ავირჩიე, ალბათ, ადამიანთა უმრავლესობა ავტომატურად გასცემს პასუხს - კი. მეც იგივეს ვუპასუხებდი მანამდე, სანამ ამ თემის წერას დავიწყებდი, მაგრამ ახლა ვეცდები საპირისპირო დავამტკიცო. პასუხი - არა - გამიჩნდა მას შემდეგ, რაც მოვუსმინე უდაოდ მიკერძოებული (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა) ჟურნალისტის დავით პაიჭაძის დიალოგს საპირისპირო პოზიციაზე მყოფ არჩილ კბილაშვილთან და გადაცემის დასასრულს მივხვდი, რომ მიუხედავად სუბიექტურობისა, მე, როგორც მაყურებელი, სრულად ინფორმირებული დავრჩი.

 

მედიის დამოუკიდებლობა, ტელევიზიის მიუკერძოებლობა, ჟურნალისტთა ტენდენციურობა, ობიექტურობა - ეს არის საკითხები, რომლებიც მუდმივად აქტუალურია საქართველოში და რომლებზე პასუხის გაცემაც ვერ ხერხდება. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც თვლის, რომ მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, არატენდენციური. თუმცა მაშინ, როდესაც ვცდილობთ ავხსნათ ჩვენი შეხედულება ამ საკითხზე, თავად ვცემთ ამ კითხვებს მიკერძოებულ და სუბიექტურ პასუხებს. შეუძლებელია ზუსტი დეფინიცია მოუძებნო ამ ტერმინებს, ყოველი შემდეგი ახსნისას ისმება კითხვა: და ეგ რას ნიშნავს? მაგაში რა იგულისხმება? შედეგად, თავად ამხსნელი (მე) აღმოჩნდება ჩიხში, რომლიდან გამოსვლაც რთულია, შეუძლებელი თუ არა. სწორედ ამიტომ გამიჭირდა ამ დავალების დაწერა. ყველა ის აზრი და შეხედულება, რაც მე მყარად მქონდა ჩამოყალიბებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ, დაინგრა ამ კურსის გავლისას, რადგან თქვენ მუდმივად სვამდით კითხვას - და რაიცი რომ ეგ სწორია? რომელია მართალი? აღმოჩნდა, რომ ფაქტები საერთოდ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შეხედულებები ამ ფაქტებზე და ჩვენ, მაყურებლებს, შეხედულებები გვიყალიბდება ჟურნალისტთა შეხედულებების გავლით, იმის მიხედვით, თუ როგორ გადმოსცემენ ისინი მოვლენებს. და რადგანაც არსებობს შეხედულებები, მეც ჩემს სუბიექტურ აზრებს გადმოვცემ და არ დავიწყებ იმ ობიექტურობისკენ სწრაფვას, რომელსაც მაინც ვერ მივაღწევ.

ვფიქრობ, დღეს, როდესაც ძველმა მთავრობამ დაკარგა ძალაუფლების და  კონტროლის მექანიზმები, ხოლო ახალ მთავრობას ჯერაც არ დაუპყრია ისინი, ძალიან კარგი დროა ჟურნალისტთა და ტელევიზიათა ნამდვილი სახის დასახნახად. მათ არ იციან ვის პოზიციაზე დგომა უფრო ხელსაყრელია, ამიტომ შეუძლიათ დროებით მაინც გამოვიდნენ ხელისუფალთა ტყვეობიდან და ის თქვან, რაც უნდათ, ის, რის გამოც მუდმივად წუხან და  ის, რაზეც ამბობენ, რომ მედიის არათავისუფლების გამო ვერ ლაპარაკობენ. თუმცა დიდი ცვლიება ამ მხრივ ნამდვილად არ შეიმჩნევა.

გავითვალისწინე რა თქვენი რჩევა, ვუყურე  „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“-ს. ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა 20/12/2012-ში და მოწვეული სტუმარი იყო არჩილ კბილაშვილი.  სანამ უშუალოდ გადაცემის განხილვაზე გადავიდოდე, შევჩერდები ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

როგორც ჯონ კინი (წიგნში მედია და დემოკრატია) ამბობს, საზოგადოებრივი სამსახური - ესაა „ფართო ვალდებულება, შეძლებისდაგვარად განსხვავებული ჟანრის გადაცემების გამოყენებით უმცირესობისთვის აწარმოო და შეინახო მრავალფეროვანი და კომპლექსური პროგრამები. თითოეული ჟანრის ფარგლებში, იქნება ეს დრამა, ახალი ამბები, კომედია, საბავშვო თუ საგანმანათლებლო ტიპის პროგრამები, არჩევანი მართლაც ძალიან დიდია. საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობა უნდა ხელმძღვანელობდეს უფრო მაღალი მიზნებითა და მისწრაფებებით, ვიდრე მარტოოდენ გართობა. მაუწყებლობის საზოგადოებრივი სამსახური - ეს არის ხარისხიანი და პოპულარული პროგრამების შექმნის მცდელობა. ის პატივს სცემს ადამიანების ცხოვრების ხარისხს, მისი ჟანრები ასახევენ კაცობრიობის არსებობის მთელ სირთულეს.“ 

ვფიქრობ, კინი აღწერს იდეალურ ტიპს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და მით უმეტეს,  საქართველოში მისი ძებნა უშედეგო იქნება. ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლოსაც ვერ მივა აღწერილ ტიპთან. ერთი შეხედვით ის აკმაყოფილებს პროგრამათა მრავალფეროვნებას, აქვს საბავშვო, გასართობი, შემეცნებითი, მუსიკალური, საინფორმაციო გადაცემები, სერიალები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები, ეთნოგრაფიული ნარკვევები და ა.შ., მაგრამ საქმე ხარისხშია და არა რაოდენობაში. 

კინთან საკამათოა ისიც, თუ რომელი ღირსებები განსაზღვრავს კარგ და ხარისხიან მედიას. ტერმინს, ხარისხი, არ გააჩნია ობიექტური შინაარსი. ზოგისთვის ეს არის უნარი, შეაერთო ფრაგმენტირებული აუდიტორიები უკლასო ერთობად, სადაც სუფევს თანასწორობა და სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად განიხილონ უკანასკნელი ამბები; ზოგისთვის ხარისხი განისაზღვრება ტექნიკური ღირებულებებით, კარგი განათებით, აპარატურით და ა.შ.; ზოგისთვის ხარისხი არის დროისადმი მდგრადობა, უნარი - გაუძლო დროს და სხვა. არცერთ ჩამოთვლილ დეფინიციას არ აკმაყოფილებს ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი. მათ ალბათ თავიანთი ხედვა აქვთ ამ საკითხის მიმართ (ისევე, როგორც ყველა დანარჩენის), რომელიც ჩვენთვის, მაყურებლისთვის, უცნობია.

ჰაბერმასი ამბობდა, ნიშნავს კი მეტი მუდამ უკეთესს? თუ ბევრი შეიძლება იყოს ცუდი? მეორე ვარიანტს დავეთანხმები, რადგან ვფიქრობ, პირველ არხზე ვერცერთი გადაცემა ვერ ასრულებს თავის ჭეშმარით ფუნქციას. მეტიც, ამ არხს არ აქვს ის მთავარი ფუნქციაც კი, რომლის გამოც ყველა ტელევიზია კრიტიკის ობიექტი ხდება - გართობა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ტელევიზია არ ისახავს მიზნად პოლიტიკური პრობლემების სერიოზულ ანალიზს (თუმცა ეს მოეთხოვება). აქ ინფორმაცის ყოველთვის „ზედმეტად დავარცხნილი“ გადის და ვითომ ნეიტრალურობაში ადვილად შეიმჩნევა პოზიცია. სხვა საკითხია, რამდენად ვნებს ეს პოზიცია მაყურებელთა შეხედულებების ჩამოყალიბებას.

ეს არის არხი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე ობიექტური, ხელისუფლებისგან ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ყველაზე მეტად უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების აზრს და მოთხოვნილებებს, ეს უნდა იყოს მაუწყებლობა, რომელზეც ნებისმიერი მსურველი აღმოაჩენს თავისთვის საინტერესო გადაცემას. თუ გადავხედავთ ჰაბერმასის და სხვათა შეხედულებებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვერც კი მივუახლოვდებით ჩამოწერილ სტანდარტებს. მოთხოვნები მის მიმართ გაცილებით უფრო ვრცელი და საპასუხისმგებლოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტელეარხის. თუ კომერციულ ტელეარხებს შეუძლიათ  სუბიექტურობით დატვირთონ ეთერი, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცოტა უფრო მეტი მოეთხოვება. ის უნდა იყოს რეპრეზენტატორი საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განწყობების, თვალსაზრისების, მოლოდინების. მას უნდა ჰქონდეს ისეთი საინფორმაციო გადაცემები, რომლებიც თავისი ტევადობით სრულყოფილი იქნება. 

ფაქტია, ინფორმაცია ამ არხზე, ყოველთვის შელამაზებული, არასრული იყო. სიტუაცია არ შეცვლილა არჩევნების შემდეგაც. ეს არხი და თავისი ჟურნალისტები უფრო აქტიურად განაგრძობენ ახლანდელი ხელისუფლების კრიტიკას და ამართლებენ ძველს. მოწვეულ სტუმრებთან სვამენ ისეთ კითხვებს, რომელზე პასუხიც ადრინდელი მემარჯვენე ძალის „წისქვილზე დაასხამს წყალს“, რაც, ჩემი აზრით, მათთვის ცოტა „სარისკოა“, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლა არის პერიოდი, როცა არ იცი - ვინ იქნება შენი მმართველი და ვის მიერ დაფინანსდები. თუ წინა მთავრობის პოზიციაზე ისე მყარად იდგნენ, რომ ახლაც უჭირთ ძველ ღირებულებებზე უარის თქმა, მას მერე როგორ წარმართავენ თავიანთ საქმიანობას, რაც ახალი ხელისუფლება საბოლოოდ მოიპოვებს ძალაუფლების ბერკეტებს?! თუმცა ამ ეტაპზე, ის დგას კინის შეხედულებაზე - საზოგადოებრივი მაუწყებელი მყარად უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლებას (თუმცა მხოლოდ ამ ეტაპზე და ისიც შემთხვევით).

რაც შეეხება უშუალოდ ზემოთ ხსენებულ გადაცემას - დიალოგი დავით პაიჭაძესთან - ის კარგად აღწერს ზოგადად არხის პოლიტიკას. დავიწყოთ იმით, რომ გადაცემას ცოტა გაურკვეველი (ვითომ ორიგინალური) ფორმატი აქვს.  რეკლამის მერე ეწერება სათაური და პირდაპირ იწყება ლაპარაკი ნიკა გილაურზე, შემდეგ წამყვანი გვამცნობს, რომ გილაურის და სხვათა დაჭერაზე ისაუბრებს არჩილ კბილაშვილი. ამის შემგედ ჩნდება კადრში წამყვანი, რომელიც ჯერ ჩვენ გვესალმება და შემდეგ სტუმარს. პასუხის დაბრუნებას არც კი ელოდება და პირდაპირ შეტევაზე გადადის უაზროდ დაწყობილი წინადადებით: „მოდით დავიწყოთ საუბარი ყველაზე ცხელ ამბავზე, ტელევიზიის ამბავი და ჟურნალისტიკის საერთოდ ეგეთია, რაც ბოლოდროინდელია ის უნდა თქვას. საქმე ეხება გუშინ გადადგმულ ნაბიჯებს...“. მისი სახე აშკარად არ არის კეთილგანწყობილი სტუმრის მიმართ და პირველივე შეხედვისას დამრჩა განწყობა, რომ ეს გადაცემა მიეძღვნებოდა სტუმრის უარყოფითი თვისებების, შეხედულებების, მისი არასწორი პოლიტიკური მრწამსის ხაზგასმას და არა რეალური პრობლემის განხილვას. ჩემი მოლოდინი გამართლდა. მთელი გადაცემა გავდა არა დიალოგს და ჟურნალისტისა და რესპონდენტის ურთიერთობას, არამედ დაკითხვას, სადაც პროკურორი იყო დამნაშავის როლში, ხოლო ჟურნალისტი - პროკურორის. 

წამყვანმა გადაცემის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა, რომ მას სურდა რამდენიმე მარტივი კითხვის დასმა და იმედს იტოვებდა, რომ სტუმრისგან მიიღებდა პასუხებს. ის სვამს „ჩამჭრელ“ შეკითხვებს, რომლითაც ცდილობს „გამოიჭიროს“ კბილაშვილი. ხშირად აწყვეტინებს საუბარს, უბრუნებს კითხვებს, შუა ლაპარაკში სვამს მომდევნო კითხვას, ერთვება სტუმარს საუბარში და აფიქსირებს თავის აზრებს: „მე ასე არ ვფიქრობ, ჩემთვის ასე არ არის, არ მგონია ასე იყოს“ და ა.შ. თუმცა სტუმარი არ ყვება მას, აცდის ლაპარაკს და შემდეგ ისე განაგრძობს საუბარს ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც შეაწყვეტინეს, ვითომ არაფერი მომხდარა. 

მართალია დავითმა გადაცემის ქუდში ჩამოთვალა თუ რაზე იქნებოდა ლაპარაკი, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მარტო ნიკა გვარამიას დაკავებას მიეძღვნა. მას ბრალი ედება ქრთამის გაცემა-მიღების საქმეში. პაიჭაძე ცდილობს დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, გამუდმებით ასახელებს სხვათა გვარებს, ორგანიზაციებს იმისთვის, რომ გაგვაგებინოს წესით სად უნდა ეძებნათ დამნაშავე და ამ უგუნურებმა სრულიად ულოგიკოდ, გეზი გვარამიასკენ აიღეს. ამ ფაქტს უწოდებს ჯურნალისტიკაზე თავდასხმას და თავისუფალი მედიის ჩაგვრას (რუსთავი 2-ის მიმართ ასეთი ფრაზების თქმა უკვე მიანიშნებს მის არარელევანტურ განწყობაზე).

 პროკურორის თქმით, ქრთამის გამცემი არ იცნობდა მიმღებს, მაგრამ ორივე მათგანს ურთიერთობა ქონდა გვარამიასთან, ანუ გამოდის, რომ ის იყო შემაკავშირებელი. პაიჭაძე კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს (თითქოს თვითონაც გამოიძია და სხვა შედეგი მიიღო) და ბრალს დებს ახლანდელ ხელისუფლებას ტელევიზიის „ხელშეუხებლობის“ დარღვევაში. მას არ სწამს კბილაშვილის მტკიცება იმის შესახებ, რომ ეს აბსოლუტურად გამოყოფილია რუსთავი 2-სგან და რომ ამ საქმის გამოძიება მანამდე დაიწყო, სანამ გვარამის არხის დირექტორად დაინიშნებოდა და რაც მთავარია, ნათლად და ძალიან ბევრჯერ აფიქსირებს ამას. მისთვის უცხოა ისეთი ტერმონები, როგორიცაა ობიექტურობა და ნეიტრალობა.

შეიძლება მეც სუბიექტური ვარ, მაგრამ როგორც ჩვეულბრივ მაყურებელს, არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, ძალიან დამაჯერებლად მეჩვენა კბილაშვილის ლაპარაკი. წამყვანის აგრესიულ კითხვებს, აბსოლუტირად ამომწურავად პასუხობდა, მოყავდა ფაქტები და მოწმეთა ჩვენებები თავისი ნათქვამის დასადასტურებლად. ის აბსოლუტურად მშვიდად ხვდება წამყვანის შეტევებს, ირონიულ კითხვებს, ჩაცინებებს და ინარჩუნებს აკადემიურ ტონს. ცდილობს მაქსიმალურად სრულყოფილად ახსნას თავისი აზრი და რაც მთავარია, დაამტკიცოს, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი კი არა, დადასტურებული ფაქტებია. 

პაიჭაძე რამდენჯერნე აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ დაჭერა მოხდა პოლიტიკური თვალსაზრისით და არა კანონით. მიუხედავად იმისა, რომ არჩილი კარგად ხსნის ყველა ტერმინს, ფატქს, წამყვანი ყველა მოყვანილ ფაქტზე ეწინააღმდეგება სტუმარს და ცდილობს იმ სფეროში ჩაჭრას, რომელშიც თავად არ არის კომპეტენტური. „სად არის აქ უკანონობა? სად ხედავთ ქრთამის მიცემის ფაქტს?“.

ჩემს თვალში პაიჭაძე გამოდის წინა ხელისუფლების დამცველად, ის სასტიკად ღიზიანდება ყველა იმ სიტყვაზე, რომელმაც შეიძლება დააჯეროს მაყურებელი  ქართული ოცნების წარმომადგენლის სიმართლეში. მისი ირონიული გამომეტყველება და ტონი არ შეეფერება ჟურნალისტის სტანდარტებს. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგ: კბილაშვილი ამბობს, რომ კომპანიას, რომელიც გარეულია ქრთამის მიღების საქმეში, მართავს ამ საქმეში სრულიად გამოუცდელი პიროვნება. პაიჭაძის კომენტარი: „კახი კალაძე არის ენერგეტიკის მინისტრი და რაზეა ლაპარაკი? ანუ შესაძლებელია სრულიად გამოუცდელი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში სისტემას“. საერთოდ რა შუაშია კალაძე ამ საქმესთან,  წამყვანს აქვს პირადი დამოკიდებულებები და ყველა შესაძლებლობას იყენებს ამის დასაფიქსირებლად. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო კბილაშვილის სიმშვიდე, ის მასპინძლის არცერთ გამოწვევას არ აყოლია და არცერთ მის კითხვაზე არ გაღიზიანებულა.

წამყვანი სვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც კავშირში არ არის საქმესთან. მაგ: რაში გამოიყენეს ეს ფული? დახარჯეს? რა შეიძინეს? სტუმარი ბევრჯერ აღნიშნავს, რომ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია ქრთამის აღება და არა ის , თუ რაში დახარჯავ ამ ფულს. 

მთლიანად გადაცემა იყო ორპოლუსიანი, ერთ მხარეს აგრესიული, შეტევაზე გადმოსული პაიჭაძე და მერე მხარეს საოცრად მშვიდი, გაწონასწორებული და თავის თავში დარწმუნებული კბილაშვილი, რომელიც სერიოზულად იღებს წამყვანის ყველა სულელურ შეკითხვას და არგუმენტირებულ პასუხებს უძებნის მათ.

საშინელებაა პაიჭაძის გამომეტყველება, ირონიული სახე და შეკითხვები, იმდენად გამაღიზიანა ამ ყველაფერმა, რომ გადაცემის ნახვის მეორე დღეს ეს ჟურნალისტი ქუჩაში შემხვდა, ვერ ვიცანი, მაგრამ საოცარი აგრესია გამიჩნდა მის მიმართ. შემდეგ აღვიდგინე ვინ იყო.

 

დასკვნის სახით მინდა პასუხი გავცე ჩემს მიერ დასმულ მთავარ კითხვას: ვნებს თუ არა მაყურებლის ინფორმირებულობას ჟურნალისტის მიკერძოება? ვფიქრობ, რომ არა...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თვალში, პაიჭაძე ზედმეტად მიკერძოებული იყო, მე გადაცემის ყურებისას გავხდი კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელსაც არ დარჩენია ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა (ამ თემასთან დაკავშირებით მანამდე არცერთი საინფორმაციო გადაცემისთვის არ მქონდა მოსმენილი); რომელიც ნებისმიერ ადამიანთან საუბრისას/კამათისას შეძლებს დააფიქსიროს/დაასაბუთოს თავისი პოზიცია და მყარი არგუმენტები მოიყვანოს თავისი მოსაზრებების განსამტკიცებლად. 

ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თუ არის სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტის მიკერძოება დიდად არ ვნებს მაყურებლის ინფორმირებულობას. მოქალაქეები იღებენ მესიჯებს და შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტია რომელი უფრო სანდოდ და დამაჯერებლად მიიჩნიონ.

ძალიან საინტერესოდ მეჩვენა ისიც, რომ დიალოგი (პირობითად) მიმდინარეობდა ორი სხვადასხვა მხარის წარმომადგენელს შორის. როდესაც წამყვანს სტუმრად ყავს თავის პოზიციაზე მყოფი ადამიანი, იმ გადაცემიდან ბევრს ვერაფერს იგებ. ორივეს ერთი მიმართულებით მიყავს დისკურსი და მაყურებლისთვის ეს იგივენაირი ინფორმატიულობის მატარებელია, რაც ერთ-ერთი მათგანის საუბარი იქნებოდა. 

ორპოლუსიანი გადაცემა კი ძალიან შედეგიანია - ისმენ ორივე მოსაზრებას და აკეთებ არჩევანს ერთის, მეორის ან მეტიც, მათი კომბინირებული ელემენტების სასარგებლოდ.

მომინდება თუ არა მეორედ პაიჭაძის გადაცემის ყურება? - კი. იმიტომ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღე, ვიდრე რომელიმე სხვა საინფორმაციო გადაცემა მომცემდა.