Print

გადაწერა, როგორც დევიანტური ქცევა

ავტორი: თამარ ცაგარეიშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

გადაწერა? აჰა… ისევ…როგორც კი ფიქრი დავიწყე, პირველი სიტყვა რაც თავში მომივიდა სწორედ ეს იყო. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა ეს თემა საკმაოდ აქტუალურია ჩვენს ლექციებზე. “დამწერები“ მოუთმენლად ელიან შემდეგ კოლოქვიუმს მაღლივში,რათა ერთხელ და სამუდამოდ იზეიმოს სამართლიანობამ...“გადამწერები“ სახეზე ღიმილითა და არხეინი გამომეტყველებით ცდილობენ დაფარონ და არ გამოააშკარაონ თავიანთი მღელვარება… მაგრამ, კურსელმა მითხრა, რომ მაღლივშიც ყოფილა გადაწერის შანსი, ზოგს იქაც მოუხერხებია თურმე…ახლა უცებ ეკონომიკის კოლოქვიუმი გამახსენდა. ვერ ვუდებ გულს ამ ეკონომიკას,ზოგჯერ კი მეინტერესება,მაგრამ რაღაც არაა საჩემო. ხოდა, მოკლედ კოლოქვიუმზეც საკუთარი თავის, წინა ლექციებზე მოსმენილი მუსიკებისა და გვერდზე მჯდომის იმედად მივედი, რამეს ვიზამ-თქო.

ეჰ, რამდენი აღმოჩნდა ჩემნაირად „დაინტერესებული“ ეკონომიკაში… მთელი საღამო ვლანძღავდი თავს, რა დებილი ვარ „შპარგალკა“ მაინც მომემზადებინა მხატვრული თემა რომ გავუშანშალე ლექტორს მიწოდებასა და განაწილებაზე-თქო, მაგრამ  სულ მცირე 10 ქულა დავწერე ოციდანო და უკვე ვგრძნობ როგორ მომწონს რიცხვი 10,რაღაც საყვარელია ხო?:)))) ერთხელ, სკოლაში ისტორიის გამოცდა დაგვინიშნეს, მთელი განვლილი მასალიდან 15 ბილეთი შეადგინეს და აქედან რომელიმე შეგხვდებათო გამოგვიცხადეს. ნუ რათქმაუნდა ბევრი ვიჩივლეთ, ვიწუწუნეთ და ბოლოს „ჩავუჯექით“ მასალის სწავლას. ახლა, როცა ეროვნულებზე ისტორიის ჩაბარების გამოცდილება მაქვს, სასაცილოდ მეჩვენება თავის დაზღვევის მიზნით ფანჯრის რაფაზე წაწერილი „მენუა და არგიშთი“, როგორც რთულად დასამახსოვრებელი და ადვილად დასავიწყებელი სახელები. გამოცდის დაწყებამდე  მე და ჩემს მეგობარს უკან ორი, ასე ვთქვათ, არასახარბიელო ნიშნების მქონე კლასელი მოგვისხდა, ხომ დაგვეხმარებითო. მასწავლებელს ხომ შეუმჩნეველი არაფერი დარჩება…მე და ჩემს გვერდით მჯდომს გვეუბნება: “წინ გადმოდით, არ გადაიწერონ მაგათ თგვენგანო“:)))) მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, როცა გავაცნობიერე რამხელა უფსკრული გაჩნდა ჩვენსა და სანუკვარ ფანჯრის რაფას შორის :)))). აი ასე ,გადაწერის პირველივე მცდელობა კრახით დასრულდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ზოგზე ცოტა უფრო მეტად გამიმართლა, მე ხომ პირდაპირ ზეციდან მენიშნა გადაწერა შენი საქმე არ არისო :)))) სამწუხაროა, როცა ხვდები, რომ თურმე რა რთულია დაიჯერო 20 მომზადებული საკითხი კოლოქვიუმისთვის და რა ადვილია „გადამწერთა საზოგადოების“ სტატუსის მინიჭება… ვიფიქრე და დავასკვენი, რომ ამ დევიანტური ქცევის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს: 1. არ გაინტერესებს საგანი, გინდა რაც შეიძლება მსუბუქად გადააგორო სემესტრი და მარტივად მიიღო 5 კრედიტი;   2. იმეცადინე, მაგრამ არ ხარ შენს თავში დარწმუნებული, ნერვიულობ, არ გინდა უაზროდ დაკარგო არც ერთი ქულა, რადგან გენანება წინა დღეს მეცადინეობაში გატარებული რამდენიმე საათი და ამბობ, რომ ერთს ჩახედავ და “ვსიო”; 3. ვერ მოახერხე მეცადინეობა, არ გინდა ჩააგდო ქვიზი, რადგან ამან შეიძლება შენი  საშუალო არითმეტიკული ძალიან დაწიოს და საბოლოო ნიშნით შეუერთდე „წყალწაღებულთა“ სიას.. ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ იმას, რომ ერთხელ როცა ქვიზის 12 ქულას დავხედე და გავიფიქრე, თუ რამდენად შეიძლებოდა ჩემი საბოლოო ქულა აცდენოდა 17-ს, ხელში კალკულატორი ავიღე  და დავიწყე  საკუთარი შესაძლებლობებისა და აზროვნების  შემოწმება… სისულელეა… ჩემი აზრით ეს ქცევა-გადაწერა, დევიაციის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ მარტო იმიტომაც, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებ შენს საკუთარ თავსა და იმ უნარებს რაც გაგაჩნია,ნიშანი მნიშვნელოვანია მათთვის ვინც მხოლოდ იწერს, ცოდნის შეძენასთან ერთად ის თანდათან უმნიშვნელო ხდება…   

ამ თემის მოცემის შემდეგ მე და ჩემი კურსელი სახლში ერთი ტრანსპორტით დავბრუნდით. გზაში  მითხრა, რომ დევიანტურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს უბილეთოდ მგზავრობაც, მადლობა მას, რადგან შეიძლება უცებ არც გამხსენებოდა ეს მაგალითი.  მეორე მხრივ,  არც ვიცი ეს ქცევა დევიანტურად უნდა ჩავთვალოთ თუ არა. როცა ავტობუსში ზიხარ, სახლში მისვლამდე მინიმუმ ნახევარი საათია  დარჩენილი,  საქმე არაფერი გაქვს და მობილურში ჩაწერილი სიმღერებიც ყელშია ამოსული, ყველას და ყველაფერს ზედმიწევნით კარგად  აკვირდები. გუშინ ერთ-ერთი გაჩერებიდან  მძიმე ჩანთებით დატვირთული მამაკაცი ამოვიდა. რის ვაი ვაგლახით მოუყარა თავი ყველაფერს,ბილეთი აიღო და დადგა თავისთვის. ერთი შეხედვით მერე რა, ხომ? რატომღაც ამის შემყურე პატივისცემით განვიმსჭვალე მის მიმართ ,რომ დაფიქრდი თვითონაც გამიკვირდა რატომ, მას ხომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მერე გამახსენდა ასობით კონტროლიორთან ბილეთის აღებასთან დაკავშირებით მოკამათე მგზავრი და გავიფიქრე: „აი თურმე რატომ..“ მე თვითონ ყოელთვის ვიღებ ბილეთს, ალბათ მარტო იმიტომ, რომ გაჩერებაზე  მომლოდინე, ხელგამოწვდილი კონტროლიორისთვის საქმის გარჩევის თავი  არ მაქვს, თორემ ზოგჯერ ნერვები მეშლება  რა  „მამა აბრამის ბატკნობა“ მომინდომე-თქო, როცა პენსია წამლებისთვისაც არ გყოფნის, როცა ქვეყანაში ვერ გამოიძებნა შენი დასასაქმებელი ადგილი, როცა მუშაობ და შენი ხელფასის მეოთხედს მგზავრობაში ხარჯავ, როცა ავტობუსს ნახევარი საათი ელოდები, გიხარია თვალს რომ მოკრავ და საბოლოოდ გაწბილებული რჩები, რადგან ვერც ამაში „აეტიე“, როცა ამხელა მასა ისეა დაპრესილი, ისეა მოწოლილი ლამის წელში გადატყდე , ცდილობ საყრდენი ფეხი მაინც შეინაცვლო და ბოლოს ხვდები, რომ მისი დასადგამი ადგილიც აღარსადაა, ვერავის გავკიცხავ იმისთვის, რომ ბილეთი არ აიღო. ზოგჯერ მგონია, რომ ეს არცაა დევიაცია,ე ს უბრალო, უსუსური და ამიტომაც უფრო მეტად მტკივნეული პროტესტია არსებული რეალობისადმი. საერთოდაც, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ხალხსა და მის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად…

ასევე აქტუალურია საზოგადოებისაგან  გარიყული, დევიანტი ადამიანების თემა. ჩვენ საუბარი გვქონდა ბომჟებზე, აგრეთვე ხალხზე რომლებსაც ხელი აქვთ ჩაქნეული ცხოვრებაზე, ლოთობენ, მათხოვრობენ, მოკლედ აკეთებენ ყველაფერ იმას რასაც არ ვაკეთებთ ჩვენ. გარიყულობა შეიძლება იყოს საზოგადოების ბრალი, რომელმაც აიტანა ადამიანის კონკრეტული მდგომარეობა, არ გაუწოდა მას ხელი გაუსაძლის სიტუაციაში და აგრეთვე ინდივიდისაც, რომელმაც არასაკმარისად მოინდომა, ან არ აღმოჩნდა ფიზიკურად თუ სულიერად იმდენად ძლიერი, რომ მორგებოდა საზოგადოების მგლურ ცხოვრების წესს. საერთოდ რთულია იყო განსხვავებული, რადგან საზოგადოება გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს შენს აზროვნებას. ზოგჯერ მიფიქრია, რომ თუნდაც ის ბომჟი შეიძლება უფრო ბედნიერიც კი იყოს, ვიდრე მოფუსფუსე, ათასი საქმით დატვირთული, უაზრო ფიქრებით შეწუხებული  საზოგადოების აქტიური წევრი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება შეალია დოგმების მორჩილებას და იმის დროც არ ჰქონია, რომ დაფიქრებულიყო რა უნდა...გუშინ გვერდით მეჯდა კაცი ფოსფორისფერი შარვლით. პირველი გრძნობა რაც მისი დანახვისას დამეუფლა? სიბრალული, რადგან ჩავთვალე, რომ ქართველი კაცისთვის ძალიან რთულია გეცვას ასეთი ფერის შარვალი ხალხში. ნუ შემდეგ უკვე გავიფიქრე, ნეტა ამ კაცმა იცოდეს რა მოდაშია დღეს ასეთი ფერის შარვლები  სულ არ იდარდებდა-თქო, მაგრამ რომ შევხედე თითქოს არც დარდობდა ,ალბათ უკვე სულერთი იყო... გაჩერებასთან მინდოდა მისვლა და მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ჩავედი ბიჭი მღეროდა, ვიფიქრე რომ „მოუწია“,ფული დასჭირდა... ისე კარგად მღეროდა უცებ ძალიან მომინდა ავყოლოდი და მეც მემღერა მასთან ერთად, ალბათ დღეს წარმატებულადაც ჩავთვლიდი ასე რომ მოვქცეულიყავი,მაგრამ არ მინდოდა ეფიქრათ რომ „მომიწია“ და უბრალოდ ჩავიარე... ხშირად ვერ ვიქცევით ისე, როგორც გვინდა რადგან რთულია წინააღმდეგობა გაუწიო მასას და უთხრა: დიახ მე ბომჟი ვარ, დიახ მე მაცვია ფოსფორისფერი შარვალი, დიახ მე ვმღერი მიწისქვეშა გადასასვლელში, მაგრამ უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე შენ, რომელმაც ასე კარგად იცი თავისუფლების თეორიული განმარტება...

კიდევ რა, მაგალითად გარემოს დაბინძურება, რაც ჩემი აზრით დევიანტური აზროვნების ან საერთოდ გონებრივი უუნარობის შედეგია. როდესაც ქუჩაში ამდენი ნაგვის ურნა დგას, როცა უამრავი  გადაცემა და პროექტი მზადდება, რომლებიც მოგვიწოდებენ ეკოლოგიის დაცვისკენ და მაინც, ქარიან ამინდში გარეთ გასვლის დროს გიწევს იმაზე ფიქრი, რომ სახეში არ მოგხვდეს ხის ტოტზე  ჩამოცმული პოლიეთილენის პარკიდან გადმოყრილი ნაგავი, ეს უკვე მეტისმეტია. არასდროს დამავიწყდება სკოლაში წასასვლელად გამზადებული, სადარბაზოდან გამოვდიოდი და კართან  რომელიღაც მეზობლის მიერ ფანჯრიდან გადმოგდებული, გამსკდარი, ნაგვით სავსე პარკი დამხვდა. სავარაუდოა, რომ მარტო მე არ მქონია ასეთი შემთხვევა... ნუ მსგავსი მაგალითები  ალბათ ყველაზე უკეთ გვასწავლის როგორები არ უნდა ვიყოთ...

ძალიან ბევრ დევიანტურ ქცევას ვაწყდებით  ჩვენს საზოგადოებაში, კონკრეტულ მომენტში ვამჩნევ და ვაკვირდები, მაგრამ ახლა რატომღაც ბევრი ვერაფერი გავიხსენე...ჩვენ ლექციაზე ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება გარკვეული ნორმების დაცვა და საზოგადოების უკეთესობისკენ გარდაქმნა. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. ერთხელ კირიონ მეორეს უთქვამს, ქართველებს არაფერი გვეშველება, თავიდან თუ არ დავიბადეთო... მართლაც, ძნელია ზრდასრულ ადამიანს შეაცვლევინო აზრი საკუთარ შეხედულებებზე, უბრალო მითითებით არავის არაფერი უსწავლია. ამისთვის საჭიროა ერს გამოუჩნდეს გამორჩეული, მისაბაძი ადამიანები,რომლებიც სამაგალითოდ ექცევიან ხალხს და ჩვენი მონდომება, რაც შეიძლება მეტი დავინახოთ და გამოვასწოროთ საკუთარ თავში, რომ მეტი ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომლებმაც, თავის მხრივ, საფუძველი მომავალ საზოგადოებას უნდა ჩაუყარონ.