Print

პროფესორი გირჩევთ: „მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია“

ავტორი: სალომე დავითაშვილი, მარიამ ბაქრაძე | თარიღი: . კატეგორია: პროფესორი გირჩევთ

ხშირად, სტუდენტებს, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც სოციოლოგიის კლასიკურ თეორიებს ვასწავლი, ძირითადი სალექციო საკითხების გაცნობის შემდეგ, საინტერპრეტაციოდ და განსახილველად, საკუთარი მოსაზრებების გამოსათქმელად კლასიკოსთა მცირე მოცულობის აუტენტურ ნაწერებს ვაძლევ. ამ შემთხვევაში ეს მაქს ვებერის სტატია: „მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია“ აღმოჩნდა. სტუდენტების უმრავლესობამ ამ სტატიის სულიკვეთებას სწორად აუღო ალღო და საინტერესო ხედვებიც შემოგვთავაზეს. სანიმუშოდ ორი სტუდენტის მიერ გაკეთებულ ინტერპრეტაციას გთავაზობთ, რათა  ქართველ სტუდენტთა ნიჭიერებასა და გონიერებაში  თქვენც დარწმუნდეთ.

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

ამირან ბერძენიშვილი

 სალომე დავითაშვილი

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი

განაზრებანი
მაქს ვებერის სტატიაზე:
„მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია“

სიტყვა მეცნიერება, ცოტა არიყოს და მაშინებს თავისი მასშტაბებით. რადგან ყველა ადამიანის ცნობიერებაში (და მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი) მეცნიერება რაღაც ძალიან დიდ გონებრივ შესაძლებლობებთან ასოცირდება. ისეთ შესაძლებლობებთან „ჩვეულებრივ მოკვდავებს“ რომ არ გაგვაჩნია, ეს ხუმრობით. ახლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ: მეცნიერება ჩემთვის რაღაც წარმოუდგენელი სივრცეა, არარეალური სამყარო. მეცნიერი განსაკუთრებული - ადამიანი. ახლაც, ვებერის ამ სტატიას რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რა ძალიან რთულია-მეთქი. არა, შესაძლოა რთული არცაა დედის მუცლიდანვე სოციოლოგი და მეცნიერი რომ ვიყო, მაგრამ რა ვქნა არ გამაჩინა დედამ ვებერად და დიურკემად. თუმცა მაინტერესებს, მიტაცებს ეს სფერო და ვცილობ ხოლმე რაიმე მაინც გავიგო და შევიმეცნო ამ სიტყვების ქაოსში. ამ ჩემს „განუნათლებელ“ მდგომარეობას, ისევ საგნის სირთულეს ვაბრალებ, თანაც სხვა საგნებს ხომ ასე თუ ისე ნორმალურად ვიგებ და ვსწავლობ. გამოგიტყდებით, ბატონო პროფესორო, და თქვენ რომ გვეტყვით ხოლმე ეტყობა ჯერ ძალიან პატარები ხართ რომ ასეთი რთული რამეები შეგნებულად ისწავლოთო, პირდაპირ გულს მალამოდ მედება. თანაც, ახლა, ერთი წლის შემდეგ რომ ვფიქრობ, არ ყოფილა ეს პროტოსოციოლოგიური თეორიები ისეთი რთულიც, პირველ კურსზე რომ მეჩვენებოდა ხოლმე. იმედით ვარ რომ იგივეს ვიფიქრებ მესამე კურსზე თანამედროვე სოციალურ თეორიებს რომ შევებმები.

ახლა რაც შეეხება მაქს ვებერის სტატიას „მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია“. ჯერ მოკლედ ვისაუბრებ იმის შესახებ რაც გავიგე თვითონ სტადიიდან, შემდეგ კი ვეცდები ჩემი მწირი ცოდნით გარკვეული პარალელები გავავლო.

უპირველეს ყოვლისა, ვებერის თქმით, ადამიანი რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა  თვალდახუჭული გადაეშვას იმ ორომტრიალში, რომელიც მეცნიერებას ახლავს თან, არც უნდა იფიქროს შეეხოს მას, რადგან ეს ადამიანი ვერასდროს შეიგრძნობს იმას, რასაც მეცნიერებით გატაცება ჰქვია. ამ შემთხვევაში სჯობს სხვა საქმით დაკავდეს. რადგან ადამიანისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს იმას, რასაც სწრაფვის გარეშე აკეთებს. სწორედ რომ სწრაფვაა ყოველგვარი მეცნიერულის და არამეცნიერულის „შთაგონების“ წინაპირობა. შთაგონება ამ სფეროში ერთ-ერთი უმთავრესია. იგი არანაკლებ როლს ასრულებს მეცნიერებაში, ვიდრე ხელოვნებაში, ხოლო ის, აქვს თუ არა ვინმეს მეცნიერული შთაგონება, ფარულ ბედისწერასა და ნიჭზეა დამოკიდებული. იდეა უდევს საფუძვლად ყოველგვარ ღირებულს. მაგრამ მხოლოდ სურვილის გამო თავში არაფერი მოგივა. მაშასადამე, ჩემი აზრით, მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი გულიდან უნდა მოდიოდეს, სიამოვნებას უნდა გრძნობდე მეცნიერებისაგან, ეს შენი მოწოდება უნდა იყოს, შენი გატაცება, შენი სამყარო, რომელიც არ გღლის, არ გფიტავს. როდესაც ამას ვკითხულობდი გამიჩნდა კითხვა, თუ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავზე მუშაობით შექმნა მეცნიერი. მაგრამ შემდეგ რომ ჩავუკვირდი მივხვდი, მინიმუმია ამისი შანსი. მართლაც თუ მოწოდება არ გაქვს, ვერ შექმნი ვერაფერ ღირებულს. და რატომღაც გამახსენდა სულხან საბა ორბელიანის ერთ-ერთი იგავი „ნალბანდი მგელი“. რაც შეეხება მაგალითს სოციალური სფეროდან, დავაკავშირე პლატონის იდეალური სახემწიფოს ოთხიდან ერთ-ერთ თვისებასთან, სამართლიანობასთან. რაც გულისხმობს რომ ყველა ადამიანი იმ საქმეს უნდა აკეთებდეს, რაც შეუძლია და რისი კეთებაც სურს. ვებერი თავის სტატიაში მიგვითითებს ყურადღება მივაქციოთ პლატონის  „სახელმწიფოში“ მოყვანილ საოცარ სახეს. როდესაც გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანებს პირი კედლისაკენ აქვთ მიბრულებული, სინათლის შუქი კი მათ ზურგს უკანაა, ისე რომ ადამინებს ამ სხივის დანახვა არ შეუძლიათ და მხოლოდ აჩრდილებით არიან დაკავშირებულნი. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ახერხებს თავის დაღწევას, ზურგისკენ ტრიალდება და მზეს ხედავს, დაბრმავებული, ხელების ცეცბით ცდილობს გზის გაკვლევას და ყვება ნანახის შესახებ, დანარჩენები ფიქრობენ რომ ის გაგიჟდა. ეს ადამიანი ცდილობს ჩავიდეს გამოქვაბულში და სხვებიც გამოიყვანოს მზის შუქზე. ეს ადამიანი ფილოსოფოსია, მზე - მეცნიერების ჭეშმარიტება, ერთადერთი რამ, რაც არ მისდევს მოჩვენებებსა და აჩრდილებს, იგი ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის, ჭეშმარიტების გაგება კი ყველას არ შეუძლია. მაშასადამე მივდივართ „განმანათლებლობამდე“. ი. კანტის სიტყვებით რომ ვთქვათ ისინი „უმწიფარებაში“ იმყოფებიან, რომელიც ძალიანაც მოსწონთ და რომელიც მათივე ბრალია. ამ უმწიფარებიდან გამოსასვლელად კი საჭიროა სულ მცირე, გონის, ფიქრის და აზროვნების თავისუფლება. რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი რთული მოსაპოვებელი გახდა....

 

მარიამ ბაქრაძე

თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი

განაზრებანი მაქს ვებერის სტატიაზე:
„მეცნიერება, როგორც მოწოდება და პროფესია“

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა იგულისხმება მეცნიერებაში და რისთვის გვჭირდება იგი, ჩემი აზრით, ჯერ ადამიანის ანთროპოლოგიურ კონცეფციაზე უნდა გვქონდეს წარმოდგენა. თუ ჩვენ არვიცით, რა იგულისხმება ადამიანის არსებობის- ,,ეგზისტენცის“ პრობლემაში, მაშინ ვერც მოღვაწეობის იდეებს გავიაზრებთ. ამიტომ, ჩემი პირველი კითხვაა: -რა არის ცხოვრების აზრი? ცოტათი მაინც, რომ მივუახლოვდეთ ამ კითხვის პასუხს, უნდა გავიაზროთ თუ რას გვთავაზობს ცხოვრება და რას ნიშნავს ცხოვრობდე ამ რეალობაში.

საინტერესოა, რა რეალობა დახვდა ვებერს მაშინ, როდესაც ამ სტატიის დაწერა გადაწყვიტა.

XIX საუკუნის ბოლო, XX-ის დასაწყისი, ინტელექტუალური ევროპის ძირითადი იდეებია: ფრიდრიხ ნიცშე- ,,ღმერთი მოკვდა, გაუმარჯოს ზეკაცის დაბადებას“.- სამყაროს გაგება მეტაფიზიკური იდეებიდან დაყვანილ იქნა ანთროპოლოგიურზე და ეს ,,ადამიანის სამყარო“  ჩვენი მოღვაწეობის ძირითად სფეროდგადაიქცა.

ლუდვიგ ფოიერბახი - ,,ვინც საკუთარ თავს არ ანიჭებს დანიშნულებას, ის არც რაიმე დანიშნულების მქონეა.“ ამიტომ ქცევა, რომელსაც ვახორციელებთ - არის ჩვენი დანიშნულება.  

მაქს შელერი: ,,ადამიანის არსი უკავშირდება მის გონს“.- სამყაროს შესწავლა შესაძლებელია ,,გონითი“ უნარებით.

მიხაილ ლანდმანი: ,,ადამიანმა უნდა შექმნას საკუთარი თავი, რადგან ის თავისუფალია“.- ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გაიკვლიოს თავისი გზა, შექმნას თავისი ცხოვრება.

მაქს ვებერი: - ???. ალბათ, შეეცადა მეცნიერული ცოდნა დაეკავშირებინა იმ რელიგიის პრინციპებთან, რომლის მიხედვითაც ის აღიზარდა.

და მაინც, რა რეალობა დახვდა ვებერს? ხომ არ იყო მისი მოღვაწეობის ხანა ,,ეგზისტენციალიზმის“ დასაწყისი? ხომ არ იგრძნეს ადამიანებმა, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, თუ რელიგია ადამიანთა გამონაგონია მხოლოდ, - მაშინ მათი ცხოვრება აზრს კარგავს?! და მართლაც, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმ სამყაროში, რომელიც მისგან არაფერს ითხოვს? როდესაც რელიგია არ ავალდებულებს მორალის შესაბამისად მოქმედებასა და საზოგადოებაში ცხოვრებისთვის საჭირო კანონების დაცვას, ხოლო სასჯელის იდეა - ჯოჯოხეთის მაგალითით, მხოლოდ დაშინების მცდელობაა? რა რჩება ადამიანს, რომელსაც ,,ცხონების“ იდეა ხელიდან გამოაცალეს?

მას რჩება საკუთარი თავი. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, თუმცა შესაძლებლობა- გახდეს უკეთესი.

-როგორ? თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, წვლილი შეიტანოს კაცობრიობის პროგრესში.

-როგორ? სანამ უშაულოდ ვებერზე გადავალ, იმანუილ კანტის შტეიდლინდისადმი მიწერილი ბარათი მახსენდება: ,,წმინდა ფილოსოფიის სფეროში მე უნდა გადამეწყვიტა სამი ამოცანა...“. მან გამოყო სამი კითხვა, რომელსაც ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა უნდა უპასუხოს:

I. - რა შეიძლება ვიცოდე? (მეტაფიზიკის სფერო).

II. -რა უნდა გავაკეთო? (მორალის სფერო).

III. -რისი იმედი შეიძლება მქონდეს? (რელიგიური წარმოდგენების სფერო).

კანტი: თუ ამ კითხვებს გავცემ პასუხს, მაშინ გავიგებ - ,,რა არის ადამიანი?“ კანტთან, ადამიანი სპეციფიკური სამყაროს შემქმნელი და ამავდროულად, მისი შექმნილია. ადამიანი არის არსება, რომელსაც აქვს ჯანსაღი თვალთახედვა სინამდვილეზე. მისთვის სრულყოფილი მდგომარეობა კი გონებით მიიღწევა. რაც იმას ნიშნავს, რომ  ადამიანი არამარტო ,,რაღაც მოცემულობაა“, არამედ ,,რაღაცად გახდომის შესაძლებლობაც არის“. ადამიანი, თვითგანსაზღვრის უნარის მქონეა.

და მაინც, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა - რეალობის ასეთ მოცემულობაში?

კანტი: ,,სიცოცხლეს ღირებულება მივანიჭოთ მოქმედებით“.

ვებერი, ალბათ ვებერი, ჩემ მიერ გაგებული ვებერი: - ადამიანი უნდა გახდეს მეცნიერი და იცხოვროს მეცნიერებისთვის და არა მეცნიერებით.

ისევ კანტის: ,,სიცოცხლეს ღირებულება მივანიჭოთ მოქმედებით“. 

მეცნიერება, როგორც ღირებულება.

სოციოლოგია, ჩვენთვის, როგორც ცხოვრების უმთავრესი ღირებულება.

სოციოლოგია- მეცნიერული მოღვაწეობა, როგორც ძირითადი საქმე.

ვებერი: მეცნიერება, როგორც მოღვაწეობის სფერო.

ჩვენ: -რომელი გზა ავირჩიოთ? მივყვეთ ჰედონისტურ სწრაფვებს თუ ჩვენს საქმეს მივანიჭოთ ღირებულება ,,საბოლოო მიზნის“ სახით? - ეს საკითხი გაურკვეველია, ალბათ, იმიტომ, რომ საბოლოო მიზანი თუ შედეგი -ისევ ინდივიდუალურ აღქმაზე დადის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ვებერის ახსნის მცდელობისას უნდა გვახსოვდეს კანტის იდეა - ცოდნას მაშინ აქვს მნიშვნელობა თუ იგი გვეხმარება იმაში, რომ გავხვდეთ უკეთესები.

ახლა კი, დავუბრუნდები ,,მეცნიერებას, როგორც მოღვაწეობას“ - მოწოდებისა და პროფესიის სახით.

- ვინ არის, უფრო სწორედ, ვინ უნდა იყოს მეცნიერი?

- ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ინტერესი მოარგოს თავის საქმეს, ეს საქმე კი დაისახოს ცხოვრების ძირითად იდეად და, ალბათ, ბედნიერების წყაროდაც.

და მაინც, რას ნიშნავს იყო მეცნიერი?

I. გქონდეს სწრაფვა, იყო რაღაც იდეით შთაგონებული, გაინტერესებდეს რაღაც შენს მოღვაწეობის სფეროში და ეძებდე მისი ახსნის ლოგიკურ შესაძლებლობებს.

II. გქონდეს ამის განხორციელებისთვის საჭირო,-  მეცნიერული მეთოდი.

III. და იყო პიროვნება - მეცნიერებაში ემსახურო ერთ საქმეს და იყო მზად იმისათვის, რომ შენი აღმოჩენები 10, 20, 30 და მეტი წლის შემდეგ ,,მოძველებული“ იქნება. ყოველთვის აცნობიერებდე იმას, რომ ყოველი შენი ახალი ჩანაფიქრი უფრო მეტ ახალ კითხვას აღძრავს, ვიდრე მათთვის პასუხების გაცემის შესაძლებლობას... იყო მეცნიერი ნიშნავს, იცოდე ის, რომ სხვებმა შეიძლება შენზე გაცილებით მეტს მიაღწიონ... და შენ კი მაინც, ემსახურებოდე ,,თავად მეცნიერებას“ და ამ საქმეში ხედავდე ცხოვრების აზრს. თან, ამავდროულად, გახსოვდეს, რომ არსებობს ,,Momento mori“, მაგრამ სიკვდილზე ფიქრით გამოწვეულ შიშს ამარცხებდე იმით, რომ გჯეროდეს - მეცნიერებით, შენ შენს ცხოვრებას ანიჭებ ღირებულებას. ის კი - შენი მეცნიერული მოღვაწეობის შედეგებით კაცობრიობის რაღაც ნაწილისთვის მაინც ხდება ღირებული.

- რისთვის გვჭირდება მეცნიერება? იქნებ იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიკვდილი - არა ინდივიდის სიკვდილი, არამედ უზრუნველვყოთ, ჩვენი მეცნიერული ძიებებით, პროგრესისკენ სწრაფვით, ჩვენივე გვარის უკვდავება... 

მეცნიერებაში ის კი არ უნდა ვეძებოთ- ,,თუ როგორ ვიცხოვროთ“, ან ,,რა გავაკეთოთ“- არამედ ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ,,საკუთარი ცოდნითა და მეთოდით“ ჩვენ შეგვიძლია  სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას.

- როგორ? 

თავი დავანებოთ მხსნელისა და წინასწარმეტყველის ძიებას და ,,მივმართოთ საკუთარ საქმეს“ - დროის მოთხოვნებთან შესაბამისად.

- როგორ?

,,ინტელექტის მსხვერპლად შეწირვის“, რაციონალიზაციისა თუ ინტელექტუალიზაციის გარეშე - ალბათ, იდეით გაიგო საზოგადოება.

და იქნებ, ამ ყველაფრის შემდეგ დაგვავიწყდეს, ლევ ტოლსტოის მოთხრობის მთავარი გმირის ივან ილიიჩის სიტყვები: ,,პრობლემა ავადმყოფობაში კი არ არის, არამედ სიცოცხლეშია. ცხოვრება, დიახ, ცხოვრება - გადის - მე კი არ შემიძლია მასში გაჩერება, მასზე მიჯაჭვა. მე აქ ვიყავი და ახლა საით? ახლა იქ? არა, არ მინდა“.

ჩემი აზრით, იყო მეცნიერი ნიშნავს - გახსოვდეს კანტის იდეა, რომ ცხოვრებას ღირებულება უნდა მიანიჭო მოქმედებით. მოქმედებდე და მოღვაწეობდე შენს პროფესიაში.